ფსიქოანალიზი, როგორც ლიტერატურული ხრიკი

ფსიქოანალიზი, როგორც ლიტერატურული ხრიკი

22.02.2023
1801

არეული ღამის შემდეგ, დეივიდ კეპეშმა აღმოაჩინა, რომ ქალის ძუძუდ გადაქცეულიყო. რომლის წარმოდგენაც სიზმარში თუ შეიძლება, ანდა სალვადორ დალის დახატულ ფერწერულ ტილოზე. 

ჩემმა სიტყვათა სინთეზმა მკითხველს ალბათ ფრანც კაფკა მოაგონა, რომელიც შემთხვევით როდი ვახსენე, თუმცა ამჯერად ჩვენ წინაშე გამორჩეული ამერიკელი მწერალი ფილიპ როთია, თავისი მცირე რომანით „ძუძუ“.

როგორც უკვე მიხვდით, რომანის პროტაგონისტს, 38 წლის პროფესორ დეივიდ კეპეშს,   გაუგონარი რამ დაემართა - ქალის ძუძუდ გადაიქცა. ამგვარი გარდასახვა ხან „ჰორმონთა გაუგონარ მოჭარბებას“ მიაწერეს, ხან „ენდოკრინოპათიურ კატასტროფას“, ხანაც „ქრომოსომათა ჰერმაფროდიტული აფეთქება“ უწოდეს... 

მაინც რა დაემართა პროფესორს?.. ძნელია გასააზრებლად, რთულია, თანაუგრძნო და კაცმა რომ თქვას, ვერც სახუმაროდ გაიხდი, მაგრამ არც მათი არსებობაა გასაკვირი - ვისაც მომხდარი სიცილის ხასიათზე აყენებს. აღმოჩნდნენ ისეთნიც, რომელთა თანადგომაც ჭერიდან თოკებით დაშვებულ ჰამაკში მწოლიარე პროფესორის მიმართ უსაზღვროა. ამ ყველაფრის ფონზე, მწერად ქცეული გრეგორი ზამზა მომაგონდა, რომლის გარდასახვამაც გარშემომყოფებში არაერთგვაროვანი ემოცია აღძრა. 

ზამზა „საცეცებით ეპოტინებოდა ადამიანობას“. კეპეში კი „კითხვების კორიანტელით“, რამაც განაპირობა მღელვარე, იუმორისტული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სექსუალური მონოლოგები და დიალოგები. ფიქრის მორევმა პროფესორი იმ აზრამდეც მიიყვანა, რომ უაზრო ოცნებებს უნდა ერიდო, ვაითუ, ბედმა გაგიღიმოს...

პროფესორი საავადმყოფოში თავად შონ ბრუნმა, სთოუნი ბრუქის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის რექტორმა მოინახულა. ჩინდაკარგულმა კეპეშმა, საუბრის დროს ნათლად „დაინახა“ ჩუმად როგორ ქირქილებდა და ხითხითებდა შონ ბრუნი, ბოლოს ამოიხარხარა და დერეფანში გავარდა. მისი სტუმრობა, დიდი-დიდი, სამიოდე წუთს თუ გაგრძელდა. ორი დღის შემდეგ კეპეშს ბოდიშის წერილი მისწერა. ერთი კვირის შემდეგ წერილს ამანათი მიჰყვა - სემ გუდის ფირფიტების მაღაზიიდან, ამანათში, რასაკვირველია, ფირფიტა იდო. უილიამ შექსპირის უკვდავი ტრაგედიის - „ჰამლეტის“ -სრული ჩანაწერი. 

ჩემი აზრით, სიუჟეტში „ჰამლეტის“ ამ ფორმით ჩართვა  მეტად ნიშანდობლივია. დეივიდ კეპეში - ადამიანი, რომელიც რეალობასთან თვალის გასწორების ნაცვლად, მზადაა, დაიჯეროს, რომ შეშლილია, ნამდვილად მოგაგონებთ ჰამლეტს. 

ჰამლეტ: „რად არ მეშლება ეს სხეული ესრედ მაგარი?
რად არ გადნება და ცის ნამად რად არ იქცევა!“ 

ფილიპ როთი ამბობდა, რომ ფსიქოანალიზის გარეშე ვერ დაწერდა „პორტნოის სინდრომს“ ან „ჩემს მამაკაცურ ცხოვრებას“, არც „ძუძუ“ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. თავადაც არ დაემსგავსებოდა საკუთარ თავს. ფსიქოანალიზი მისთვის, როგორც მწერლისთვის, უფრო გამოსადეგი იყო, ვიდრე ნევროზით დაავადებულისთვის, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობა შეიძლება არც ყოფილიყო...

ეს დაუფარავად და გულწრფელად მოთხრობილი ამბავი მკითხველში აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს. ის, ვისთვისაც ნაცნობია ფილიპ როთის „ხელწერა“ და ლიტერატურას ჩარჩოებში არ აქცევს, ამ მცირე რომანით მოიხიბლება. ხოლო მან, ვინც აღშფოთებას და ავტორის დამუნათებას გადაწყვეტს, უნდა გაითვალისწინოს, რომ „ლიტერატურა სულაც არ არის მორალის სილამაზის კონკურსი“.