გზა ობლობიდან მწერლობამდე - ჯუდი ებოტის წერილები

გზა ობლობიდან მწერლობამდე - ჯუდი ებოტის წერილები

14.02.2023
776

მე-20 საუკუნის ლიტერატურის საცავი ბევრ წიგნს იტევს თავის უჯრებსა თუ თაროებზე, ყველა თავისებურად დაწერილი – განსხვავებული მოტივებით. იმით ვერ დავიკვეხნი, რომ ათეულობით ან ასეულობით წიგნი აქვს წაკითხული ჩემს თვალებსა და გონებას, თუმცა იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც ოდესმე წამიკითხავს, ყოველთვის გამომენახება თითო-ოროლა სიტყვა მაინც, რომ მათზე მოკრძალებულად ვილაპარაკო და ვწერო.

გაგანია პანდემია იყო, აი, ის პერიოდი, ჩვენს გემოზე მიმოსვლა რომ არსად შეგვეძლო, როცა ჩემს ახლობელ ადამიანთან ერთად წიგნის მაღაზიასთან ვიდექი და მორჩილად ველოდებოდი გამოსაწოდებელ წიგნს; წინა საღამოს ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილოზე“ ვსაუბრობდით და იმ მოქუფრულ დღეს ეს ნოველა ჩემიც გახდა – მოღრუბლულ ამინდში ყვითელყდიანი წიგნი მზესავით ასხივებდა თავის თავში დამალულ სიდიადეს.

„... გოგონიკოს, გოგოსგან, რომელსაც ძალიან უნდა, ჯუდი ებოტი იყოს“, – ჩემს ეგზემპლარს ასეთი წარწერა ამშვენებს და თამამად ვიტყვი, ჯინ ვებსტერმა ორი ჯუდი, ჯერუშა ებოტი მაჩუქა – ერთი, წიგნის პერსონაჟი, რომელიც, წესით, ყველა მკითხველს უყვარდება და მეორე – ჩემი პირადი ჯუდი, რომელმაც ისეთი რაღაცები მასწავლა, რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მადგება.

ვის არ უოცნებია ზღაპრულ სიყვარულზე, განსაკუთრებით კი – ლიტერატურულ ხიდზე გამავალზე?!... ამ ეპისტოლური ჟანრის ნაწარმოებში ისეა ჩაქსოვილი მთავარი გმირის, ობოლი ჯერუშა ებოტის თავდაპირველი – რუტინული, გვარიანად მობეზრებული და შემდგომი - სიახლეებითა და გამოწვევებით გარდაქმნილი ცხოვრება, რომ მისი ცალმხრივი წერილები უცნობი ქველმოქმედისადმი გვაგრძნობინებს, რომ ჩვენც ჯუდისთან ერთად ვართ – ხან გრაიერის თავშესაფარში, ხან – კოლეჯში, ხანაც – ფერმაში.

ჯუდისთვის ყველაფერი თავშესაფრის „წყეული ოთხშაბათიდან“ იწყება და მისი გულშემატკივრებიც ამ ამბიდან ვიწყებთ მისთვის თვალის დევნებას. მთელი წიგნი წერილებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ამბითა და ჩანახატითაა გაჯერებული. ჯერუშა აღმზრდელებს წვეულებისთვის მომზადებაში ეხმარება, როდესაც თავშესაფარში იკრიბებიან მეურვეები და ობოლთა მფარველი ანგელოზები, რომლებიც გრაიერის თავშესაფრის ბავშვებს ღირსეულ პირობებს, განათლებისა და მომავლის რწმენის საშუალებას აძლევენ. მაგრამ მოვლენები თავდაყირა დგება, როცა მისის ლიპეტი (დირექტორი) ჯუდის კაბინეტში იხმობს და თვალწარმტაც სიახლეს უზიარებს – მეურვეებიდან ერთ-ერთმა ყველაზე გულუხვმა ადამიანმა მისი სწავლა-განათლება დააფინანსა და კოლეჯში გზავნის! უცნაური კი მხოლოდ ისაა, რომ მას აქამდე მხოლოდ ბიჭები გაუგზავნია სასწავლებლად და თუ მისის ლიპეტს დავუჯერებთ, გოგონებისადმი გულგრილი ვინმეა. პატარა და საყვარელ ჯუდი ებოტს ამაზე ოცნება მხოლოდ ყველაზე ლამაზ სიზმრებში თუ შეეძლო.

პირობითად მისტერ სმითი ჯუდისგან გულუხვობის სანაცვლოდ მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: გულმოდგინედ სწავლას, რათა მწერალი გახდეს და მისთვის წერილების მიწერას, რომლებშიც ჯუდი გაუზიარებს თავის წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რადგანაც წერილები კარგი საშუალებაა მომავალი მწერლისთვის, დახვეწოს და გამოავლინოს თავისი მთელი ნიჭიერება.

თუ აქამდე ბიჭები იყვნენ სამიზნე ობიექტები, რადგან ისინი უფრო პერსპექტიულები არიან და მათში ჩადებულ ინვესტიციას, როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს, ჯერუშამ საკუთარი თავის მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს და დაამტკიცოს, რომ მეურვემ სწორად გადაწყვიტა, როცა არჩევანი ჯუდიზე და მისი მომავალი მწერლობის წარმატებაზე შეაჩერა.

ჯუდისა და მეურვეს შორის ცალმხრივი წერილების დინებაა; ჰყვება ყველაფერს –კოლეჯის ამბებს, მეგობრებზე, სურვილებზე, იდეებსა და არც მეტი, არც ნაკლები – წინდებზე, აბრეშუმის წინდებზე! განსაკუთრებით ის ეპიზოდი მიყვარს და ყოველ ჯერზე მეღიმება, როცა მახსენდება – საშობაოდ გამოგზავნილ საჩუქრებს რომ გამომგზავნები მოუძებნა გამჭრიახმა ჯუდიმ და თავისი გულწრფელობით გრძელფეხება მამილოს მთელი ოჯახის როლის შეთავსება შესთავაზა. ჯერუშას ხომ არაფერი და არავინ ჰყავს... ზოგჯერ კი მამილოს გულუხვობაც აშინებს და მუდმივად იმას უმეორებს, რომ როცა შემდგარი მწერალი გახდება, აუცილებლად დაუბრუნებს ყველა დოლარს, რაც კი მასზე დაიხარჯა.

სხვა თარიღების წერილებში ხშირად ისმის მახვილ-კითხვები, რომლებიც, შეთანხმებისამებრ, არ უნდა დაესვა, თუმცა ძალზედ ცნობისმოყვარე ადამიანს წესები სულ არ ენაღვლება, არა?

ჯუდის სულ აინტერესებს, თუ ვინ არის მისტერ სმითი, გრძელფეხება მამილო, როგორ გამოიყურება, ეძებს მასთან შეხვედრის ყველა შესაძლო ვარიანტს, არადა ყველა ამ კითხვის პასუხი ზედაპირზე ტივტივებს... თავისი ასაკისა და რომანტიზმის გამო ჯუდის სურს, მისტერ სმითის იმიჯი მაინც მოირგოს, რომელიც ისე ახლოა, რომ თითქმის მისი ოჯახის წევრია. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებულია, არის მისი სიმაღლე და გრძელი ფეხები, რის გამოც ამ წიგნსაც გრძელფეხება მამილო ჰქვია.

ჯერუშას წერილების კითხვისას იკვეთება, როგორ ერთბაშად გაიზარდა ობოლი გოგონა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ბავშვთა სახლი და ახალ, უჩვეულო და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეეჩეხა უხილავ გზაჯვარედინზე. ამის გარდა, დროსთან ერთად მისი სამწერლობო ოსტატობაც თვალშისაცემი ხდება, როცა კოლეჯის გაზეთისთვის სტატიებს წერს, მერე კი რომანის წერას ეჭიდება, არადა, მისი სასტარტო პუნქტი სასაცილო თხზულება „უწყინარი ოთხშაბათი“ იყო ოდესღაც.

ამავე წერილებიდან ვიგებთ ჯერუშას ერთ-ერთი მეგობრის (ჯულიას) ბიძის – ჯერვის გაცნობის შესახებ. თანდათან უახლოვდება ჯულიას ოჯახს და მის ახლობლებს, მათთან ერთად ატარებს არდადეგებს, უფრო და უფრო ხშირად ხედავს ჯერვის, რომელსაც გრძელფეხება მამილოს ადარებს. ამის პარალელურად, წერილებში პირდაპირ თუ არა, ნელ-ნელა ირიბად ვკითხულობთ მისტერ სმითის პასუხებს, რომლებსაც მისი მდივანი, გრიგსი უგზავნის ჯუდის.

ეს წიგნი თავისთავად გვკარნახობს, რას უნდა მოველოდოთ მისგან. მიუხედავად იმისა, რომ ანონიმურობა სდევს, მაინც იმაზე საკმარისი მინიშნებები და ლოგიკურად გადაჯაჭვული მოვლენებია, რომ რთულია, თვალი დახუჭო, გვერდი აუარო და წაუყრუო მომავალი სიყვარულის საფუძვლის ჩაყრას.

მე-19-სა და მე-20 საუკუნეების კულტურათა შეხამებით შექმნილი ნაწარმოები ლაკონიურობითა და მარტივი სინატიფითაა განმსჭვალული, რაც ამ წიგნს თავის ჟანრში კიდევ უფრო რომანტიკულს ხდის და, ვფიქრობ, ასაკობრივი კატეგორია ისეთივე პირობითია, როგორც მისტერ სმითი, ამიტომ – ყველას, ვისაც სიყვარულის ისტორიების მოსმენა თუ კითხვა უყვარს, თუ აქამდე არ გაეგონა ჯინ ვებსტერის ამ რომანზე, ვურჩევ, თავქუდმოგლეჯით გაიქცეს და შეიძინოს ეს კეთილი, ლამაზი წიგნი, და თუ ვინმეს ჩემსავით ობობების ეშინია, ვარწმუნებ, რომ ეს ერთადერთი გრძელფეხება მამილო იქნება, რომელიც უპირობოდ შეუყვარდება.

სიყვარულის დრო ყველგან და ყოველთვისაა – არ დაგვავიწყდეს ცხოვრების ეს საინტერესო ფენომენი.