ჯოის კეროლ ოუტსის „შავი წყალი“ - წაშლილი ზღვარი აწმყოსა და წარსულს შორის

ჯოის კეროლ ოუტსის „შავი წყალი“ - წაშლილი ზღვარი აწმყოსა და წარსულს შორის

31.01.2023
618

„ცის ანგელოზნო, თქვენის ფრთების ქვეშე მიმიღეთ და მფარველადა მექმენით მე.“ (უილიამ შექსპირი, „ჰამლეტი“; მოქმედება III, სურათი IV.)

მსოფლიო ლიტერატურაში გავრცელებულია ტენდენცია - ნაწარმოების შექმნას ხშირად უსწრებს ხოლმე წინ რაიმე კონკრეტული მოვლენა. ჩვენთვის უცხო არაა, რომ ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედება დიდწილად საფრანგეთის რევოლუციას დაეფუძნა, არც დიქტატურაზე და ტოტალიტარულ რეჟიმთა მთელ რიგ სისატიკეზე გვეუცხოვება ტექსტები, მაგრამ, თითქოს, უმრავლესობა რომანებისა ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ და ცენტრალურ თემებზე იწერება, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია, - მკითხველს აინტერესებს საბჭოთა რეჟიმის სისასტიკე, ტრუხილიოს, რობესპიერისა და სხვა გამოჩენილი ისტორიული ფიგურების ადამიანური მხარე, მათი განცდებითა და ემოციებით სავსე ასპექტი. მეორე მხრივ, მსოფლიოში უზარმაზარი სიაა იმ შემთხვევებისა, რომლებსაც საზოგადოებამ ან ნაკლებად მიაქცია ყურადღება, ან სულაც მოვლენა არ გახმაურებულა და ა.შ, მაგრამ ამბავზე მხატვრული ნაწარმოების დაწერა, ხშირად მთავარი გამომწვევია ხოლმე ამა თუ იმ მოვლენის პოპულარობისა. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტი“ უცხო ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქამდე კელი კელერისა და ტედ კენედის თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე, დეტალებსა და მომხდარის სიმძაფრეზე არავის დაუწერია. ჯოის კეროლ ოუტსმა აირჩია რომანისთვის „შავი წყალი“ ეს ტრაგიკული შემთხვევა და მკითხველს მომხდარის განსხვავებული, კონკრეტულ ადამიანურ შეგრძნებებსა და თავისებურებზე დაფუძნებული ინტერპრეტაცია შესთავაზა.

ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტი“ 1969 წელს მოხდა. კუნძულ ჩაპაკვიდიკთან, მანქანით მომავალი, სენატორი ტედ კენედი ხიდიდან წყალში გადავარდა. მომხდარს სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა. სასამართლო განხილვებიდან დადგინდა, რომ სენატორმა არაფერი გააკეთა გოგონას გადასარჩენად და მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, რამაც კატასტროფა გამოიწვია. გარდა სასამართლოს მიერ დაწესებული სასჯელისა, სენატორს დაენგრა პოლიტიკური კარიერაც და, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, საზოგადოებაში ძალიან ცუდი რეპუტაცია ჩამოუყალიბდა.

ამერიკელი მწერალი, ჯოის კეროლ ოუტსი, 1938 წელს დაიბადა. იგი ორმოცდაათზე მეტი რომანის ავტორია, დაწერილი აქვს არაერთი პიესა, ნოველა, მოთხრობა და ლექსი. ოუტსმა შეძლო, და ორი რომანისა და მოთხრებების ორი კრებულით პულიცერის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა. მას რამდენჯერმე აქვს მიღებული ო.ჰენრის პრემია და, გარდა ამისა, ფლობს იერუსალიმისა და წიგნის ეროვნულ პრემიებს. ოუტსს მძიმე ბავშვობა ჰქონდა და, ალბათ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ მძიმე ვითარებებისგან გაქცევაში დაეხმარა მას მხატვრული ლიტერატურა. ნიუ-იორკში დაბადებული, დღეს კალიფორნიის უნივერსიტეტის ლექტორი, 84 წლის ოუტსი აღიარებს, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა ლუის კეროლის ცნობილმა ნაწარმოებმა მოახდინა, რაც ავტორის შემოქმედებაში მართლაც ადვილი შესამჩნევია.  

კეროლ ოუტსის არაერთ გამოქვეყნებულ წიგნს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი რომანს „შავი წყალი“ უჭირავს. ნაწარმოები 1992 წელს გამოიცა და, როგორც აღვნიშნეთ, „ჩაპაკვიდიკის ინციდენტი“ ასახა. რომანში განწირული ქალის განცდებზეა საუბარი, მაგრამ, გარდა ამისა, ტექსტში ბევრ ადამიანურ, კეთილშობილურ ფიქრსა და განცდას შევხვდებით, მაგრამ ოუტსი არ თვლის საკმარისად მხოლოდ კეთილშობილურ მხარეზე მსჯელობას და თხრობაში თვითგადარჩენის ინსტიქტი და ამით განპირობებული ადამიანური სისუსტეებიც შემოაქვს. 

ნაწარმოებში მოქმედება სენატორ ტენდ კენედისა და მისი ახალგაზრდა საყვარლის, კელი კელერის, გარშემო ვითარდება. რომანი კელის ფიქრებზეა აგებული და არ შეიცავს ისეთ პროზაულ მახასიათებლებს, როგორებიც კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა და ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებაა. მიუხედავად აღნიშნული დეტალისა, რომანს მაინც აქვს მკვეთრად გამოკვეთილი დინამიკა, არადა, ერთი მხრივ, ტექსტი მაქსიმალურად სტატიკურია და მიტოვებულ, ტრაგედიას და კაცი პერსონაჟის სისუსტეებს შეწირულ გოგონაზე გვიამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველივე გვერდიდან ვიცით ნაწარმოების ფინალი: „მგონი, ვკვდები... მგონი, მართლა ვკვდები...“ , ჯოის კეროლ ოუტსი მაინც ახერხებს მკითხველის გულის მოგებას და თხრობის საოცარი ტექნიკის დახმარებით ადამიანს წიგნთან აჯაჭვებს. რომანს რეფრენადგადევნებული ფრაზა, რომელშიც კელის სიკვდილია ასახული, ცხადია, შეგვიძლია, გავიგოთ როგორც პირდაპირ ფიზიკური კვდომა, მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ „შავი წყალი“, ნაწარმოების ამ სტილით გააზრებისას, განსაკუთრებულ ეფექტებს ვეღარ შეინარჩუნებდა. ჩნდება კითხვა: მაშინ, როგორია ამ წინადადების განსხვავებული გააზრება? - ვფიქრობ, პასუხი ძალიან კონკრეტულია. ოუტსი მხოლოდ პირდაპირი გაგებით სიკვდილზე არ მიუთითებს, მწერალი მკითხველს ითრევს ტექსტში, რომელშიც ყველაფერი ცნობილია, მაგრამ ჩვენ გარშემო მაინც იშლება მთელი რიგი დეტექტიური ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი, დამაინტრიგებელი პასაჟები. 

რომანი ძალიან მცირე ზომის თავებისგან შედგება, რაც ტექსტის აღქმასა და წაკითხვას საგრძნობლად ამარტივებს. ავტორი ძირითადად მოკლე წინადადებებს ირჩევს, მისი თხრობის სპეციფიკა კი შედარებებს ეფუძნება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რომანი კონკრეტულად აწმყო დროს ეხება, მაგრამ, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, - ოუტსის „შავი წყალი“ არის მცდელობა, წაიშალოს ყველანაირი ზღვარი აწმყოსა და წარსულს შორის. აღნიშნული კი ნაწარმოების მთავარ არსად გვევლინება. წყლით ფილტვების ამოვსების პირას მისული კელი ვერ არკვევს, თუ „რა უცნაურია, რომ ახლა „აქ“ არის, თუმცა არც კი იცის, სად არის ეს „აქ“.  ეს სიტყვები ავტორის პირველი მინიშნებაა რომანის ლიტერატურული მისიის ამოცნობის გზაზე. კელი ძალიან ახალგაზრდაა, ოცდაათი წლისაც არ არის,  სიკვდილი ძალიან ადრეა და მანქანის წყალში ვარდნის პროცესში ის ვერც იაზრებს, თუ რა ხდება მის თავს. პერსონაჟი მთელი ნაწარმოების განმავლობაში აცდენილია რეალობას, ის ცრუ იმედით ასრულებს სიცოცხლეს და ესაა მისი ყველაზე დიდი ტრაგედიაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში მრავლადაა სენატორისა და კელის პირველი შეხვედრის, სენატორის პოლიტიკური ცხოვრებისა და სხვა მსგავსი ტიპის დეტალები, მიმაჩნია, რომ ამაზე მსჯელობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან კეროლ ოუტსის რომანი ცალსახად შეგრძნებებსა და ურთიერთობისას გაჩენილ ემოციებზეა, ყოველივეს კი კელის მკვეთრად ემოციური, ზოგჯერ კი სულაც მიამიტური ფიქრები ადასტურებს. როგორც აღვნიშნე, რომანს რეფრენად გასდევს ფრაზა: „მგონი, ვკვდები... მგონი, მართლა ვკვდები...“, მაგრამ, საინტერესოა, რომ თავისი წილი რეფრენი კელისაც მოუფიქრა ავტორმა. ის მოღიმარი გოგოა, იღიმის სიკვდილის წინაც და, რაც არ უნდა შემზარავი იყოს,  მისი გარდაცვალების პროცესის აღწერისას ავტორი პერსონაჟს განსაცვიფრებელ ესთეტიურობას ამ მომენტშიც კი უნარჩუნებს. 

ნაწარმოების პირველი ნაწილის ბოლოს ტექსტი რადიკალურად იცვლება. ვგულისხმობ, რომ თუ აქამდე ეს იყო რომანი ტრაგიკულ შემთხვევაზე, გარკვეული ეპიზოდიდან ოუტსი მაქსიმალურად პოლიტიკის მოძულე გახდა. მწერალი თვლის, რომ პოლიტიკოსთა ცხოვრება ერთი დიდი საარჩევნო კამპანიაა და მეტი არაფერი, ნაწარმოებში სიუჟეტი ახალ ხაზს იძენს და მოგვითხრობს კელი კელერის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, - ის სენატორ დუკაკისის საარჩევნო შტაბში მუშაობს და გამარჯვების ცრუ იმედითაა შეპყრობილი. მალევე მამამისის პოლიტიკურ შეხედულებებსაც ვეცნობით, მაგრამ ტექსტში ამ ყოველივეს დიდი დატვირთვა ნამდვილად არ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი რაც ყურადსაღებია, ავტორის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გახლავთ ბუშის მიმართ: „ვინც ერთხელ მაინც შეხედავდა ან მოუსმენდა ბუშს, ცხადი გახდებოდა, რომ არ უნდა ნდობოდა მას - ყალბს, უბირს, ანგარებიანს, თაღლითსა და ცინიკოსს. ის ხომ ასე ურცხვად იყენებდა თეთრკანიანი მოსახლეობის შიშებს შავკანიანთა წინაშე!“  ცხადია, ეს არ არის ცენტრალური რგოლი რომანისა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საინტერესო აშშ-ის ლიტერატურულ წრეებში აღიარებული ავტორის შეხედულება. მსგავსი გადახვევები არ არის ნაწარმოებში პირველი და ერთადერთი შემთხვევა. ოუტსმა სუნამო „ოპიუმს“ გაუკეთა რეკლამა და მისი სუნი საოცარი ეპითეტებით შეამკო. მსგავსი შემთხვევები თანამედროვე ლიტერატურაში იშვიათი არაა, მაგალითად, სტიგ ლარსონის ტრილოგია „მილენიუმი“, რომელშიც რამდენიმე ნაწილი სავსეა რეკლამებით, კერძოდ, ნაწარმოებში მთავარი გმირი ფიქრობს, თუ რომელ ბანკში დააბანდოს ფული, შეარჩევს ერთ-ერთ ბანკს და იტყვის: „ის ხომ ყველაზე სანდოა“. სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ, ოუტსი ცდილობს, შეაძულოს სენატორი მკითხველს და ეს სრულიად გასაგებია. ავტორი გაკვრით ახსენებს ისეთ ფრაზას, როგორიცაა: „სენატორს ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც, სავარაუდოდ, კელის თანატოლი იქნებოდა“. საბოლოოდ კი, პერსონაჟზე გაბრაზებული მწერალი პოლიტიკას ძალაუფლებით ტკბობას უწოდებს და სენატორ ტედ კენედის და სხვა პოლიტიკოსების ირიბი გაკრიტიკების პარალელურად კელის შესანიშნავ თვისებებზე იწყებს საუბარს, გამოყოფს გოგონას პირდაპირობას, გულწრფელობასა და უანგარო სიკეთისკენ მიდრეკილებას. 

გარდა პოლიტიკის კრიტიკის და მოცემული სიუჟეტის თანაარსებობისა, ტექსტის ერთ-ერთი უცნაური მახასიათებელი ისაა, რომ ავტორი თითქმის ყოველი თავის ბოლოს შეგვახსენებს, - კელი მოკვდა. ეს ძალიან უცნაური სტილია, რადგან როცა ვხვდებით ამ ფრაზას, ყოველთვის ვკითხულობთ ისე, თითქოს, ყოველივე ახლა გავიგეთ, რაც ნამდვილად საოცარ თხრობის ტექნიკაზე მიუთითებს. 

საბოლოოდ, „შავი წყალის“ პირველი ნაწილი სიკვდილის პროგრესის, მისი დინამიკის აღწერაა, რომელსაც პარალელურად კელის ფიქრები გასდევს თან. სწორედ ამ ფიქრებიდან ჩანს სენატორის ბუნება, სენატორისა, რომელმაც გადარჩენის ინსტიქტს ვერ სძლია და კელის საშველად გამოწვდილი, მხარზე დაყრდნობილი ხელი უხეშად მოიშორა. რომანი ცალსახად ინსტიქტებზე, ფსიქოლოგიასა და სენატორის სულიერ დაცემაზეა. ის არ შეიცავს კლასიკური რომანის მახასიათებლებს, როგორც არაერთხელ ვთქვით, ჩვენ ვიცით ნაწარმოების ფინალი, ჩვენ არ ველოდებით სიუჟეტის განვითარებას, არ ვუღრმავდებით აშშ-ის პოლიტიკას და მოკლე თავების დახმარებით, კელი კელერის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდს ვადევნებთ თვალს. 

ნაწარმოების მეორე ნახევარში, ყველაზე საინტერესო, რაც ჯოის კეროლ ოუტსმა გააკეთა, იყო ცრუ იმედების გაჩენა მკითხველში. „იქნებ მართლა მოვიდეს?“ - ისმის რომანში შეკითხვა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, სენატორი აღარ მოვა, - ეს წიგნი ხომ ამ შემზარავ ტრაგიზმზეა, მაინც ახლიდან გვიჩნდება იმედი... სენატორს შეეძლო, გადაერჩინა კელი, მაგრამ კიდევ უფრო შეეძლო და ევალებოდა, ჰქონოდა ამის მცდელობა. რაღაც მომენტში მკითხველს და ავტორს ერთი სურვილი აერთიანებთ, ორივეს უნდა, რომ მოვიდეს სენატორი ან ვინმე სხვა და დაეხმაროს კელი კელერს.

ჯოის კეროლ ოუტსი ერთადერთს, რასაც დეტალურად გვიამბობს, კელის წყლიდან ამოსვლის მცდელობა და ამ დროს გახსენებული წარსული, ამ მომენტში დაბადებული ფიქრებია, რომლებიც აწმყოს სიმბოლოდ გვევლინება. ავტორი აქრობს დროით საზღვრებს. კელისთვის აღარ არსებობს „გუშინ“ და „დღეს“, მისთვის აწმყომ წარსული შთანთქა. კელი კელერი არ აღიქვამს მომხდარს წარსულში, მისთვის ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ის არსებობს, რაც წყლით გავსებულ მანქანაში ახრჩობს, მხოლოდ სიცოცხლე ეძახის, სიცოცხლე და არაფერი სხვა. ნაწარმოების საწყის ფაზას რომ დავუბრუნდეთ, ვნახავთ, რომ მწერალი დაკონკრეტდა  სენატორის გალანტურობაზე და ეს კელი კელერის მოხიბვლის მთავარ მიზეზადაც დაასახელა. ნაწარმოების ბოლოს, როცა სენატორის მოსვლისა ყველანაირი ცრუ იმედი გაქრა, ამ დეტალმა ახალი ღირებულება შეიძინა. ეს მიზანმიმართული ლიტერატურული ილეთია, რომლის თანახმადაც, კარგის ფონზე უკეთ, უფრო მკვეთრად ჩნდება ბოროტება, ამპარტავნული, უგულისყურო ბუნება, რომელიც პერსონაჟს იმდენად მძლავრად აქვს, რომ არა თუ თვითონ არ ბრუნდება საშველად, სხვასაც კი არ გზავნის. კელი კელერის ლოდინს  ბეკეტის პიესასთან მივყავართ. თითქოს, რომანი ამ ასპექტით „გოდოს მოლოდინში“-ს განსხვავებული ვარიანტია. მართლაც, არ მოდის გოდო... არ მოდის სენატორი.

ამდენად, ჯოის კეროლ ოუტსს და მის რომან „შავი წყალს“ შეგვიძლია ვუწოდოთ ადგილი, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში იხლართება, სადაც ზღვარი ამ ორ დროს შორის ქრება. კელი კელერისთვის გაქრა წარსული, სიკვდილმა გოგონას მომავალიც წაართვა და ცხოვრება იმ გადავარდნილ „ტოიოტაში“ შემოუსაზღვრა, მანქანაში, სადაც სულ წყალია, რომელიც მას ფილტვებს უვსებს. შემთხვევითი არ იყო რეცენზიისთვის ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები „ჰამლეტიდან“, „შავ წყალში“ მხოლოდ კელის ჰამლეტისეული ნატვრა რჩება. მეტიც, ეს ნატვრა სულ ბოლოს კვდება და ყველაფერ იმას უერთდება, რაც მთელი ნაწარმოების მიმდინარეობისას ქრებოდა თვალსა და ხელს შუა. ჯოის კეროლ ოუტსმა ერთმანეთში აურია წარსული და აწმყო და დაბადა სიცარიელე, რომელიც ტრაგედიას შობს და მკითხველს, მიუხედავად ფინალის ცოდნისა, ტექსტთან აჯაჭვებს.