ყველაფერი თქვი მებრძოლთა კლუბის შესახებ

ყველაფერი თქვი მებრძოლთა კლუბის შესახებ

23.01.2023
749

ჩაკ პალანიკის პირველი ტირაჟირებული რომანი “Invisible Monsters” უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამომცემლობამ მიიჩნია, რომ ტექსტი ძალიან შემაწუხებელი იყო და ავტორი უარით გაისტუმრა. როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს, გაბრაზებულმა მწერალმა მთელი რისხვა ახალი ნაწარმოებისკენ მიმართა და ასე შეიქმნა კიდევ უფრო პროვოკაციული წიგნი - „მებრძოლთა კლუბი“. რომანს დღის სინათლე ეღირსა, მაგრამ დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, სანამ მისი ეკრანიზაცია ცნობილმა რეჟისორმა, დევიდ ფინჩერმა არ განიზრახა. 
 

როგორ ვუმკლავდებით კრიზისს? - მუშტებით
 

წიგნის უსახელო გმირს, რომელსაც ავტორი მთხრობელად მოიხსენიებს, მივლინებებში სიარული და დაუსრულებელი ფრენები უწევს, რის გამოც უძილობა ტანჯავს. თავის საქმეს მთხრობელი ვერ იტანს და ამის სადემონსტრაციოდ პატარა მონაკვეთიც გამოდგება:

„-სიკვდილის წინ რის გაკეთებას ინატრებდი?
-სამსახურს მივატოვებდი მეთქი, ვპასუხობ მე“.

ესაა ერთადერთი რამ, რაც „მებრძოლთა კლუბის“ მთავარ გმირს ახსენდება, როცა მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია. სამსახური, არც მეტი და არც ნაკლები, წუნდებული მანქანების გამოთხოვნის კოორდინატორობაა, რაც მკითხველისთვის ალბათ უცხო პროფესიაა, მაგრამ  ბევრისთვის ნაცნობი და გაზიარებული საკუთარი სამსახურის სიძულვილია. 

საძულველი სამსახური, ველური კაპიტალიზმი და კონსუმერიზმი, სისტემა, რომლის უბრალო ნაწილი, ჭანჭიკი ხარ და მარტოსულობა - „მებრძოლთა კლუბი“ თანამედროვე ადამიანის და უფრო კონკრეტულად კი - კაცის - კრიზისზეა. 
კაცი, რომელიც ოდესღაც „ბიოლოგიურად დეტერმინირებული“, ძლიერი და დომინანტი მონადირე იყო, ახლა თანამედროვე ცივილიზაციის მიერ მოშინაურებულ, სუსტ არსებად იქცა და თავის ადგილს ვეღარ პოულობს სამყაროში. 

უძილობით გატანჯული მთხრობელი შვებას კიბოიანთა კლუბში პოულობს, ოღონდ მას თავად კიბო არ აქვს. ის იტყუება, იგონებს ავადმყოფობას, რადგან სხვანაირად ვერ იღებს უპირობო სიყვარულსა და მხარდაჭერას. ზუსტად ესაა, რაც მას სჭირდება - სითბო და მზრუნველობა - ანუ ყველაფერი, რაც კაცებისთვის სისუსტის გამოვლინებაა. 

რეალურად, ამაში მდგომარეობს თანამედროვე, მასკულინური კაცის კრიზისი - კაცისთვის ერთადერთი სოციალურად მისაღები ემოცია აგრესიაა და სხვა გრძნობის გამოხატვა არავის უსწავლებია. 
მთხრობლისთვის კი ემოციების გამოხატვა და მიღება აუცილებელია. სანამ ამას სიცრუით ახერხებს, უძილობა ქრება, მაგრამ ტყუილში მალევე გამოიჭერს კლუბის ახალი მატყუარა, მარლა სინგერი და უძილობა ისევ ბრუნდება.

ამის შემდეგ მთხრობელი და მისი ალტერ ეგო ტაილერ დერდენი სულ სხვა ხერხით იწყებენ პრობლემასთან გამკლავებას. ტაილერი მაჩო, იმპულსური, თავზეხელაღებული კაცია, რომელიც კვებავს სურვილს, დაამსხვრიო ყველაფერი და აჯანყდე უსამართლობის წინააღმდეგ. სახეში მოხვედრილი პირველი მუშტი საფუძველს უდებს მთხრობლის ფსკერზე  დაშვებას, რაც, ტაილერ დერდენის თქმით, გათავისუფლების აუცილებელი წინაპირობაა. 

ჩაკ პალანიკი იდეალურად გადმოსცემს კაცების კრიზისთან გამკლავების უუნარობას. ეს არის ბრწყინვალე სატირა მასკულინობაზე - წიგნის გმირი პრობლემას მასკულინური კულტურისთვის გასაგები ერთადერთი ფორმით - აგრესიით - ებრძვის და, რა თქმა უნდა, მარცხდება. 

„დიოგენეს“ მიერ გამოცემულ წიგნში ავტორის ბოლოსიტყვაობაა დართული. ჩაკ პალანიკი საუბრობს, რომ მას ხშირად სწერენ ადამიანები და მადლობას უხდიან, რადგან „მებრძოლთა კლუბმა“ მათ კითხვა დააწყებინა და თავისუფლება მოუტანა. პალანიკი ჩემთვის, პირველ რიგში, პროფესიონალი პროვოკატორია - ის დასცინის ყველა  კაცს, რომელიც აგრესიით ცდილობს გათავისუფლებას და სისტემას უსახურ ანარქიას უპირისპირებს. დასცინის კაცებს, ვისთვისაც „მებრძოლთა კლუბი“ ბიბლიად იქცა. 
 

ჩაკ პალანიკი - მინიმალისტი პროვოკატორი
 

გამომცემლობის მიერ დაწუნებული “Invisible Monsters”, ისევე როგორც „მებრძოლთა კლუბი“, “dangerous writing”-ის სტილითაა დაწერილი. 1995 წელს პალანიკი მწერლების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც ზუსტად ამ „საშიში წერის“ ტექნიკით ხელმძღვანელობდა. ამერიკელი ავტორის ტომ სპანბაუერის მიერ შემუშავებული ტექნიკა ხაზს უსვამს მინიმალისტურ პროზას და შთაგონებისთვის პირად, მტკივნეულ გამოცდილებებს იყენებს.

„მებრძოლთა კლუბის“ მინიმალისტური პროზა ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვაჩვენებს ავტორის სასტიკ სამყაროს. ჩაკ პალანიკი წინასწარ არ გვამზადებს უარესისთვის, არამედ  ყველაფერს პირდაპირ სახეში გვახლის.

როგორც თავად პალანიკი იხსენებს, მას საკმარისი წლები ჰქონდა დაკარგული, მიებაძა სტივენ კინგისთვის და კლასიკოსი ამერიკელის მსგავსი რომანები დაეწერა. თუ რაიმე ახლის დაწერას აპირებდა, არცერთი თავი არ უნდა ყოფილიყო მუსიკალურ კლიპზე გრძელი. ყველაფერი, რაც გმირებმა თქვეს, ან გააკეთეს, მისი ყველაზე ჭკვიანი მეგობრების სულელური ქცევებიდან უნდა გადმოეღო. „მებრძოლთა კლუბი“ იწერებოდა ჩაკის ხელზე, ტუალეტის ქაღალდზე აბაზანაში, ბარის ხელსახოცებზე, პარკში სკამზე და სამსახურში თავისუფალ დროს.

მთელი წიგნის განმავლობაში გვხვდება პატარ-პატარა შოკის მომენტები.  ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მარლასა და ტაილერის სექსისშემდგომი საუბარია, როდესაც მარლა არაკონვენციურად უხსნის ტაილერს სიყვარულს - „შენგან აბორტი მინდა“.

გადავამოწმე, ფილმშიც თუ იყო ეს ფრაზა და როგორც აღმოჩნდა, არა. პროდიუსერმა მიიჩნია, რომ მარლას ფანტაზია ძალიან შეურაცხმყოფელია, ამიტომ დევიდ ფინჩერს ტექსტის შეცვლა მოუწია. მთელი ირონია იმაშია, რომ ცენზურამ ბევრად უარესი ტექსტი დაუშვა: "I haven't been fucked like that since grade school”. Grade school ფაქტობრივად დაწყებითი კლასების ეკვივალენტია, მაქსიმუმ მე-8 კლასი.

ამ წიგნის შემდეგ გეცოდინებათ, როგორ დაამზადოთ ბომბი ფორთოხლის წვენისა და საწმენდი საშუალებების ნაზავით -  მინიმალური ჩარევით ანარქიის Nouvelle cuisine მზადაა.
მკითხველს მოსვენება არცერთ გვერდზე, არცერთი წამით არ აქვს. ტაილერის მიერ დაარსებულ კლუბში ჩხუბი, მაღალი წრის ბურჟუების შეხვედრებზე საჭმლის წაბილწვა და ყველა ასეთი მსუბუქი „გართობა“ ყოველ ახალ გვერდზე უფრო მასშტაბურ და დესტრუქციულ ფორმებს იღებს. გართობა საბოლოოდ ანარქისტულ მოძრაობად იქცევა, რომელიც პარტიზანული ბრძოლის წარმოებას იწყებს სისტემის წინააღმდეგ და ძირს უთხრის წესრიგს. 

პალანიკი ძალიან კარგად მუშაობს სპეციალურად შერჩეულ აუდიტორიაზე, მან ზუსტად იცის, თუ რისი გაგონება სურთ ადამიანებს, ვისაც „პადვალში“ მოწყობილი მებრძოლთა კლუბი გულის ცემას უჩქარებს. 
წიგნი პატარა და მარტივად საკითხავია. ავტორი ისე ჰყვება ამბავს, თითქოს ბართან სხედხართ თქვენ ორნი და ეს ისტორია მხოლოდ შენთვისაა. მწერალი მშვენივრად იგონებს ახალ-ახალ სიგიჟეს, რომელიც თან ახლავს გმირის გათავისუფლების პროცესს. 

და მაინც, რომ არა წიგნის ეკრანიზაცია, „მებრძოლთა კლუბი“ ასეთ პოპულარობას ვერ მოიპოვებდა.
 

მებრძოლთა კლუბი და ჰომოეროტიკა
 

მხატვრული ლიტერატურა ხშირად ახალ სიცოცხლეს მის ეკრანიზაციაში პოულობს, ამ შემთხვევაში კი ფილმმა მისცა მეორე შანსი წიგნს და დღეს „მებრძოლთა კლუბი“ 21-ე საუკუნის კლასიკადაა მიჩნეული. 

ფილმმა ხელოვნების ერთგვარი საფარველი გადააფარა წიგნს და მკითხველისათვის უფრო მისაღები გახადა. 
ცხადია, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ზემო ნახსენები სიგიჟეების და კონკრეტულად კი მებრძოლთა კლუბის ჩხუბების მშვენივრად ვიზუალიზაციას. 

ბევრი მკითხველისათვის კლუბის ერთადერთი ინტერპრეტაციაა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები თერაპიულად გამოხატავენ თავიანთ მამაკაცურობას, რომლის დამალვაც  თანამედროვე საზოგადოების წნეხის გამო უწევთ. 

ჩემთვის კი, ტაილერ დერდენის ჩამოყალიბებული კლუბი პალანიკის საუკეთესო პროვოკაციაა. 
პალანიკი გეია, ღიად გეი. ეს მან დიდი ხნის წინ დააფიქსირა და თანაც - მკაფიოდ. დააფიქსირა წიგნებშიც და მაგალითად, ბოლო რომანში “Adjustment Day”, კალიფორნიის მაგივრად ქვიარ რეგიონს “Gaysia”-ს ქმნიან, სადაც ჰეტეროსექსუალები არ დაიშვებიან. 

ჩაკს „მებრძოლთა კლუბის“ წიგნის ეკრანიზაცია ძალიან მოეწონა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ ფილმმა უკეთ გადმოსცა.
ჩემი აზრით, პირველ რიგში ის კლუბის ჰომოეროტიკას გულისხმობდა. კლუბი ჰომოსექსუალობის იდეალური ანალოგია. 

ფილმში ბევრი აშკარა პარალელია: ჩხუბი ფიზიკურად ინტიმური, ექსპრესიული აქტია, რომელიც  ნახევრად შიშველ მებრძოლებს შორის ღრმა კავშირს აყალიბებს. 

კლუბის პირველი წესია, რომ არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ. მებრძოლები არ ცნობენ კლუბს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი „ასეთები“ მხოლოდ კლუბში არიან. ეს შეიძლება ასახავდეს იმას, თუ როგორ ეკრძალებოდათ და ეკრძალებათ ჰომოსექსუალ ადამიანებს საკუთარი რეალური პიროვნების გამოხატვა და ამაზე საუბარი.

გარდა ამისა, ტაილერი გამიზნულად ძალიან ეროტიზებულია. მითუმეტეს, რომ მას ბრედ პიტი განასახიერებს, რომელიც ჟურნალმა “People” ფილმის გამოსვლიდან მალევე, 2000 წელს, „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ აღიარა.

ტაილერი ხშირად ჩანს ნახევრად შიშველი, ოფლიანი, კარგად ნავარჯიშები და დაკუნთული სხეულით. ტაილერი არა მხოლოდ მამაკაცურობის იდეალური მაგალითია, რომლის მიხედვითაც მთხრობელს სურს ცხოვრება, არამედ სექსუალური და რომანტიკული ლტოლვის ობიექტიცაა. მასთან შეხვედრიდან მალევე, მთხრობელი ტაილერთან (და არა მარლასთან ერთად, რომელიც მოსწონს) გადადის საცხოვრებლად და ისინი სწრაფად ქმნიან ქორწინების მსგავს კავშირს. როდესაც ტაილერი ყურადღებას სხვა პერსონაჟებს აქცევს, როგორიცაა მარლა ან კლუბის ახალი, ანგელოზის სახიანი ბიჭი, მთხრობელი ძალიან ეჭვიანობს და იქამდეც მიდის, რომ სასტიკად ცემს ანგელოზის სახიანს.

იკადრებდა თუ არა ამას ჩაკ პალანიკი, შეასაღებდა თუ არა მასკულინურ კაცებს მებრძოლთა კლუბის ჰომოეროტიკას? აუცილებლად. 

საბოლოოდ კაცების რევოლუცია, ანარქია, კრახით მთავრდება და მთავარი გმირი ფსიქიატრიულში ამოყოფს თავს. 

„მებრძოლთა კლუბი“ ძალიან სევდიანი წიგნია. ეს არის ტრაგედია კაცების კრიზისსა და იმ მოდელის არქონაზე, რითაც იხელმძღვანელებ და ადეკვატურად გაუმკლავდები პრობლემას. ასე რომ, კლუბის მთავარი წესის საპირისპიროდ, ყოველთვის უნდა ილაპარაკო ამ წიგნსა და ამ საკითხებზე, მითუმეტეს, თუ კაცი ხარ.