20 კითხვა მინდია არაბულს

20 კითხვა მინდია არაბულს

17.09.2022
1232

მინდია არაბულის სადებიუტო მოთხრობების კრებული «დიოგენემ» გასულ წელს გამოსცა. «ყოველი ამბის დასასრული» პრემია «საბას»  დებიუტის ნომინაციის ფინალისტია. ვფიქრობთ, 20 კითხვაზე გაცემული 20 პასუხით ახალგაზრდა მწერლის უკეთ გაცნობას შეძლებთ.


საუკეთესო რჩევა, რომელიც მწერლის ხელობაზე მიგიღია.

პირადი მენტორები არ მყოლია, თუმცა ოპტიმალური ფორმულის ძიებაში სხვადასხვა შემოქმედის ინტერვიუების კითხვა-ყურებაში წლები გამიტარებია (სხვა სიტყვებით - დამიხარჯავს). ამ ყველაფრის შედეგად აღმოვაჩინე, რომ შემდგარი ხალხის რჩევების მიღება გაცილებით საამო საქმიანობად შეიძლება იქცეს, ვიდრე უშუალოდ ჩანაფიქრების განხორციელება.  მავნე ჩვევაა.
თუმცა ამ ყველა რჩევის ყველაზე მანუგეშებელი შეგონება ბეკეტის „თუ სცადე და ჩაფლავდი, არ უშავს - თავიდან სცადე. თავიდან ჩაფლავდი. უკეთ ჩაფლავდი“ იქნებოდა. 

ბლოკნოტი თუ ლეპტოპი?

აქამდე ლეპტოპი იყო, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ვამჩნევ, რომ ტექსტის ფიზიკური რეპრეზენტაცია უფრო კომფორტულია ჩემი აღმქმელობისთვის. შესაბამისად, ნელ-ნელა ქაღალდისკენ ვიწყებ მიგრაციას - ბლოკნოტები, ხელსახოცები, მისაწებებელი ფურცლები და ა.შ. 
სპონტანური ბიოლოგიური წარმოშობის თეორია არსებობდა ანტიკურ ხანებში, რომლის მიხედვითაც  მატლები თავისით ჩნდებოდნენ ხორცში, ვირთხები კი - ნაგავში. დაახლოებით მსგავსი პროცესის მოლოდინი მაქვს ქაღალდის გროვებისადმი, რომ შეხედო და თქვა - მაკულატურის ეს მთა წიგნად ქცევას ელოდება. 

დილა თუ საღამო?

იდეალურ შემთხვევაში - დილა, თუმცა გააჩნია, როგორ გეძინა წინაღამ.

კლასიკოსი ავტორი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ არ წაგიკითხავს.

უამრავი. მაგრამ მეტწილად სელინჯერი.

წიგნი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ მხოლოდ ახლახან წაიკითხე.

აგათა კრისტის „და აღარავინ დარჩა“, თუმცა დაუჯერებელი არაფერია. 

ბოლო წიგნი, რომლის დასრულებაც არ მოგინდა.

„წმინდა გონების კრიტიკა“. არ ვარ კრიტიკისთვის მზად, ჯერ-ჯერობით. 

სიმღერა, რომელიც, გრცხვენია, მაგრამ გიყვარს.

ყველა სიმღერა, რომელიც მიყვარს, კეთილშობილდება ჩემს თვალში (ყურში). მაგრამ Toy Box - Tarzan and Jane -ის სახალხოდ ჩართვის წინ ცოტა დავფიქრდებოდი. რაც იმას არ ნიშნავს, რომ არ ჩავრთავდი. 

ფილმი, რომელიც დღესაც გულს გიჩუყებს.

„სად არის მეგობრის სახლი“; „ბრიუგეში“. 
ორი ფილმია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმდევრობით კითხვა-პასუხს ჰგავს.

რომელ მხატვარს დაახატინებდი შენს პორტრეტს?

რომელიმე შუასაუკუნოვანი მანუსკრიპტების ილუსტრატორს. 
ასევე ედვარდ გორი გამიხარდებოდა, ან თუ საშვილიშვილოდ მომინდება პორტრეტის შემონახვა - ენდრიუ უაიეტს.

რის წაკითხვას ურჩევდი 12 წლის მინდიას?

„დიუნის“ მეორე ნაწილის, იმიტომ რომ ამჟამად საკმაოდ მეზარება და 12 წლის მინდიასთვის რომ დამევალებინა, ახლა უკვე წაკითხული მექნებოდა.  

ცნობილი სქელტანიანი წიგნი, რომელსაც შეამოკლებდი.

„ბრძენკაცის შიში“. სახელწოდებამდე შევამოკლებდი.

მწერალი, რომლის მსოფლიო დიდებაც გაზვიადებულია.

რეი ბრედბერი. ზედმეტად კეთილი მწერალია, სამეცნიერო ფანტასტიკის ცენტრალურ ფიგურად რომ ითვლებოდეს.

სათაური, რომელიც გინდა, შენი მოფიქრებული იყოს.

„მიწა თავისას მოითხოვს“ და „ამოდის, ნათდება“.
სათაურების წაკითხვისთანავე ტვინში რაღაც ატმოსფერული კაფსულა სკდება.

სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ახლახან შეიტყვე.

არშია. ორი დღის წინ აღმოვაჩინე, რომ მთელი ცხოვრება არასწორად ვიყენებდი.

საქმიანობა, რომელსაც, თავადვე გიკვირს, რომ ეწეოდი.

ვერ ვარ ჯერ-ჯერობით იმ პლატფორმაზე, რომლიდანაც ცხოვრების პეიზაჟებზე თვალის მოვლება და შეფასების გაკეთება შემეძლებოდა, იმედია, ვერც ოდესმე მივაღწევ. 

უსარგებლო ნივთი, რომელთან შელევაც გიჭირს.

სამწუხაროდ, ჩემი ქინდლი. თუმცა მისი უსარგებლობა, საგნის თვისებრიობის მაგიერ, ჩემივე მწირი კონცენტრაციის უნარით და ტელეფონის სქროლვის იმპულსებითაა განპირობებული.

ჟანრი, რომელიც შენს ბიბლიოთეკაში ჭარბობს.

ახლა რომ გადავავლე თვალი, ყველაზე ზოგადი ქოლგა ტერმინი ალბათ „სპეკულაციური ფიქცია“ იქნებოდა.

უკაცრიელ კუნძულზე წასაღები სამი წიგნი.

ერთი წიგნი გადარჩენის ტექნიკებზე, ერთი ადგილობრივ ფლორა-ფაუნაზე და ერთიც „ათასერთი ღამე“. იმედია, სანამ ბოლოში გავალ, ვინმე მიპოვის.

რის წაკითხვას აპირებ?

ამწამს ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“ მიჭკნება თაროზე, იმის დაბლა დევიდ ფოსტერ უოლესის „უსასრულო ხუმრობა“, იმის კიდევ უფრო დაბლა სიდჰართა მუხერჯეს „გენის ინტიმური ისტორია“, რომელიც მეგობარმა მირჩია. იმედია, ერთს მაინც მოვასრულებ ახალ წლამდე.

ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები?

სახალხო მთქმელი.