რეცენზია ნატალია გინძბურგის რომანზე „ოჯახური ლექსიკა“

რეცენზია ნატალია გინძბურგის რომანზე „ოჯახური ლექსიკა“

10.05.2022
937

   გასული საუკუნის 40-იანი წლები. ტურინი. ჯულიო ეინაუდი აფუძნებს გამომცემლობა „ეინაუდის“, რომელშიც მუშაობას იწყებენ იტალიური ნეორეალიზმის წარმომადგენლები: ნატალია გინძბურგი, ჩეზარე პავეზე, იტალო კალვინო, კარლო ლევი...
   თავისუფალ დროს ნატალია გინძბურგი თამაშს იწყებს - მოთხრობის დასაწყისს წერს, ფურცელი გამომცემლობის თანამშრომელთა ხელიდან ხელში გადადის და ივსება პავეზეს თუ კალვინოს წარმოსახვით შექმნილი პერსონაჟებით და სიუჟეტით. თამაში კი ხშირად გამხდარა სერიოზული ამბების საფუძველი. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც:  ნატალია გინძბურგი 1963 წელს ქმნის რომანს „ოჯახური ლექსიკა“, რომელიც იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს - „სტრეგას“ - მფლობელი ხდება.
   ეს  საოცრად მსუბუქი, ყოფითი ენით დაწერილი წიგნი პირველივე გვერდიდან გიქმნით შეგრძნებას, რომ ძალიან მართალ, ნამდვილ ამბავს კითხულობთ ერთი იტალიური ოჯახის შესახებ, რომლის წევრებსაც გარკვეული ფრაზეოლოგიზმები აქვთ აკვიატებული და ამით თითქოს უფრო თბილს და შინაურულს ხდიან ურთიერთობას. წიგნში აღწერილი მოვლენები, ადამიანები და ადგილები რეალურია, ავტორს არაფერი გამოუგონია, ეს მისი ოჯახის და გარემოცვის ისტორიაა, თუმცა, ცხადია, არასრული და თეთრი ლაქებით სავსე, რადგან როგორც რომანის დასაწყისში თავად აღნიშნავს: „მეხსიერება მყიფე რამაა და წიგნები, რომლებიც რეალობას ასახავს, სხვა არაფერია, თუ არა მკრთალი ანარეკლი და ნამსხვრევები იმისა, რაც გვინახავს ან გვსმენია“.
   „ჩემი ენის საზღვრები ნიშნავს ჩემი სამყაროს საზღვრებს“, - წერს ლუდვიგ ვიტგენშტაინი და ეს თეორია  უაღრესად რელევანტურად ჟღერს ნატალია გინძბურგის რომანთან მიმართებაში. კითხულობ და გიჩნდება სურვილი, შენც გაემგზავრო ყველაზე ჯადოსნურ სამყაროში —  საკუთარ ბავშვობაში —  და გაიხსენო ის ფრაზები, სიტყვები, რომელთაც შენი ოჯახის წევრები იყენებდნენ და მხოლოდ მათ თავს გახსენებს, გაიხსენო ის იდუმალი სიტყვა-კოდები, უახლოეს ადამიანს რომ ამოგაცნობინებს და წამოიღებს იმ მოგონებებს, რომლებიც იქნებ დროისთვის დამახასიათებელი უცნაურობის გამო, ოდნავ სახეცვლილიც კი იყოს, მაგრამ მაინც შენი ბავშვობის სამყაროა, შენი ოჯახის წევრთა მეტყველებაა... 
   როცა „ოჯახურ ლექსიკას“ კითხულობ, ყველა პერსონაჟის ხმა ჩაგესმის და მათი საყვარელი ფრაზებით ცდილობ, შეიქმნა წარმოდგენა — როგორები იყვნენ, რა ახარებდათ და რა ასევდიანებდათ. 
   ტექსტს მიღმა ხედავ ნატალიას მამას, ინტელიგენტ, მთაში ხეტიალის მოყვარულ, ზედმეტად  ნერვიულ  მეცნიერს, რომლისთვისაც ოჯახის წევრთა შემკობა სიტყვებით - „ვირო! ველურო! სულელო!“ - თითქოს ჩვეულებრივი ამბავია... 
   ხედავ დედას — მხიარულ, გართობის მოყვარულ, გარდასული ამბების გახსენების მოყვარულ ლიდიას, რომელსაც ხუთივე შვილი სხვადასხვაგვარად უყვარს, თუმცა, მისგან ყველაზე დიდი შექება შემდეგნაირად ჟღერს: „სილვიოს ჰგავხარ! სილვიოც ასე იქცეოდა! სილვიოსაც ეს უყვარდა!“ — სილვიო დედას ძმა იყო, რომელმაც 30 წლის ასაკში მოიკლა თავი.
   ხედავ ბებიას — ახალგაზრდობაში „პიზაში სილამაზით მეორე“ ქალს, რომელიც ამჟამად ფლორენციაში მდიდრულ სახლში ცხოვრობს და საშინლად ეშინია ინფექციების,  ყველაფერს ამრეზით უყურებს და  იმის ნიშნად, რომ ახალი თაობისთვის წმინდა აღარაფერი არსებობს, ხშირ-ხშირად იმეორებს: „ყველაფერს ბორდელად აქცევთ! სახლი კი არა, ნამდვილი ბორდელია!“
   ნატალია გინძბურგი იხსენებს იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც მისი დიდი ოჯახის მეგობრები იყვნენ სხვადასხვა პერიოდში. ყველა მათგანს საკუთარი ფრაზა ან აკვიატებული ქმედება აქცევს  განუმეორებელ პერსონაჟად... მათ შორის, ბევრ ცნობილ ადამიანს მოჰკრავთ თვალს. როდესაც ომისშემდგომ პერიოდს აღწერს, რომანში გაიელვებს გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული  ახალგაზრდა, რომლის სევდიან ლექსებში „ძირითადად ტურინს, მდინარე პოს, ნისლიან გორაკებსა და გარეუბნების პატარა სამიკიტნოებს ნახავდით“.
   ეს ლეონ და ნატალია გინძბურგების მეგობარია —  ჩეზარე პავეზე, იტალიური ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელი, რომელიც  სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს... თუმცა, ამ და სხვა ტრაგიკულ ამბებს — მეორე მსოფლიო ომს, ებრაელთა დევნას, დაპატიმრებებს, მეუღლის თუ მეგობრების გარდაცვალებას — ავტორი იმდენად მსუბუქად, თითქოს „სხვათა შორის“ ჰყვება, რომ მკითხველს შორეული, სიზმარეული სევდა თუ მოერევა მხოლოდ...  
   იუმორით სავსე პასაჟებს შორის ისე ფეხაკრეფით ჩაივლის ომისდროინდელი მტკივნეული სინამდვილე, რომ არანაირად არ გამოიწვევს მძაფრ ემოციას. ჰო, აი ასე წერს გინძბურგი:  ლაღად, იმედიანად, მსუბუქი თვითირონიით და დიდი სიყვარულით იმ ადამიანთა შესახებ, რომლებთანაც მოუხდა  არც თუ იოლი ცხოვრების გატარება...
   და როცა წიგნს დაასრულებთ, თქვენც მოგინდებათ, გაიხსენოთ და შექმნათ საკუთარი „ოჯახური ლექსიკა“ — ერთგვარი ჯადოსნური  ზარდახშა, სადაც იმ სიტყვებს დააბინავებთ, რომელიც თქვენი ოჯახის ერთიანობის საფუძველია, რომელმაც გაუძლო დროს და ძველი ღვინის სიმაგრე და არომატი შეიძინა...
   „ხუთი და-ძმა ვართ. ახლა ყველანი სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ - ზოგი საზღვარგარეთაა - და ერთმანეთს წერილებს იშვიათად ვწერთ. შეხვედრის დროსაც კი ზოგჯერ საკმაოდ ცივად და თავშეკავებულად ვურთიერთობთ, მაგრამ საკმარისია, ერთი სიტყვა ვთქვათ - ერთი სიტყვა ან ფრაზა იმ ძველი ფრაზებიდან, რომლებიც უამრავჯერ მოგვისმენია და გაგვიმეორებია ბავშვობაში, საკმარისია, ერთმანეთს ვუთხრათ: „ბერგამოში საყიალოდ არ ჩამოვსულვართ“ ან „რის სუნი აქვს გოგირდწყალბადს?“, რომ იმწამსვე ცოცხლდება ამ ფრაზებთან და სიტყვებთან მტკიცედ გადაჯაჭვული ჩვენი ბავშვობა და ახალგაზრდობა.  ამ ერთი წინადადებით თუ სიტყვით ბნელ გამოქვაბულში ან მილიონიან ბრბოშიც კი ვიცნობთ ერთმანეთს. ეს ჩვენი წინაპრების ენაა, გარდასულ დღეთა ლექსიკონი...“