ინტერვიუ მინდია არაბულთან

ინტერვიუ მინდია არაბულთან

07.04.2022
1367

   მინდია არაბული ქართულ ლიტერატურაში ახალი სახეა. რამდენიმე თვის წინ „დიოგენეში“ მისი პირველი მოთხრობების კრებული "ყოველი ამბის დასასრული" გამოიცა. ამ ინტერვიუთი ვეცადეთ, მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო ავტორი.

-    „დიოგენეს“ მკითხველებმა პირველად „პენმარათონის“ კონკურსიდან გაგიცნეს. 2018 და 2020 წლებში თქვენი მოთხრობები საუკეთესოებს შორის დასახელდა და კრებულებში მოხვდა. როგორი გამოცდილება იყო?
-    კონკურსის პირობებში, მოკლე ვადაში მოთხრობის დაწერა, წესით სტრესული უნდა იყოს, მაგრამ მაინც კარგი სავარჯიშოა. კონცენტრაცია და დათმობებზე წასვლა გიწევს დროის გამო, რის გამოც საკუთარ ნამუშევარს აღარ ეკიდები დიდი სიფრთხილით - ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაასრულო, რაც ზოგადადაც სასარგებლოა სამომავლოდ. 
   კრებულში მოხვედრაც სასიამოვნო იყო, მაგრამ საკუთარი გამოქვეყნებული ნაწერების კითხვა ცოტა რთულია. გზაგადზა მოგდის იდეები, როგორ შეიძლებოდა უკეთესად დაგეწერა, ჩასწორება კი აღარ შეგიძლია. თუმცა, თაროს კარგად ამშვენებენ.
-    რა ასაკში მიხვდით, რომ წერა გინდოდათ?
-    ასე, ერთი კონკრეტული დრო და თარიღი არ მაქვს. იდეების განხორციელება და გამოკვლევა მომწონს და ზოგიერთს ნაწერი ფორმა უფრო უხდება, ზოგიერთს კი - სხვა. 
   ადრეულ და გვიანდელ ბავშვობაში ლექსები იყო ეგ ფორმა. მოზარდობაში დავიწყე მოთხრობების წერა, მაგრამ იშვიათად და აქა-იქ. ბოლო დროს კი სცენარი და ვიზუალური მედიუმებიც დაემატა. ზოგადად, მედიუმების გამოყენება და მათი სპეციფიკით თამაში მსიამოვნებს. 
   ნელ-ნელა მომიწია იმის გააზრება, რომ ლიტერატურისადმი ისეთივე მიდგომის გამომუშავება ღირს, როგორც ნებისმიერი ხელობისადმი. მგონია, რომ კარგი სკამის დამზადება და კარგი ტექსტის დაწერა პროცესუალურად ერთსა და იმავე ეტაპებს გადის. 
   რაღაც მომენტიდან ტექსტი იწყებს ქცევას უნარად, რომელიც თან გექნება მაშინაც კი, როცა სათქმელი არც გაქვს. თუმცა, მე ახლა მაგ სწავლისა და ხელობის შეძენის პროცესში ვარ და ეჭვი მაქვს, საბოლოო წერტილის მაგიერ უბრალოდ პროცესის სხვადასხვა ეტაპები შეიცვლება. 
-    როგორც ფიქრობთ, იმისათვის, რომ კარგი მწერალი გახდე, აუცილებელია თუ არა, იყო კარგი მკითხველი?
-    კი, ტექსტის დინამიკის ინტუიციის გამოსამუშავებლად კითხვა ალბათ ყველაზე ეფექტური მიდგომაა. სტრუქტურებად ჩაშლა და ელემენტების ცოდნა კარგია, თუმცა - კრიტიკოსებისთვის. ჩემთვის წერის სურვილი წაკითხულის იმიტაციის და მიბაძვის სურვილს უკავშირდება. დიალოგს ჰგავს სხვა ავტორთან.
-    რომელმა მწერლებმა და ნაწარმოებებმა მოახდინეს თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?
-    ძალიან ადრეულ, უხსოვარ ასაკში მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ წავიკითხე. ვერაფერი გავიგე, მაგრამ რაღაც სივრცე გააჩინა თითქოს გონებაში, რომელიც შემდეგ ხალხური ზღაპრებითა და შელოცვებით ამოივსო. დაახლოებით იმავე პერიოდში დონალდ ბისეტის „ყველაფერი ყირამალა“.
   გვიანდელ მოზარდობაში ვონეგუტი, პელევინი და კორტასარი. უფრო მოგვიანებით - რეიმონდ კარვერი, ჯორჯ სანდერსი და ვარლამ შალამოვი. 
-    ნაწარმოებისთვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია თუ შინაარსი?
-    მოსალოდნელი პასუხი იქნება, მაგრამ ორივე. თუ რომელიმე ნაწარმოები მომწონს, ერთიან სხეულად აღმექმება, სადაც თითოეული  ელემენტი ყველა სხვა ელემენტს ეხმარება, რომ მოთხრობად განხორციელდეს.
-    რომელ ლიტერატურული პერსონაჟს ჰგავხართ და რით?
-    ამაზე არ მიფიქრია და რომც ვიფიქრო, მეეჭვება, პასუხი ვიპოვო. 
-    2021 წლის ბოლოს „დიოგენეში“ გამოვიდა თქვენი პირველი მოთხრობების კრებული „ყოველი ამბის დასასრული“. გთხოვთ, გაგვიზიაროთ მკითხველების ის შთაბეჭდილებები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის.
-    კრიტიკული შეფასებები უფრო დამამახსოვრდა. უფრო დიდი ენთუზიაზმით ვეთანხმები, ვიდრე  - პოზიტიურს, რისი მიზეზიც ჯერ არ ამომიხსნია.  
-    კრებული წარდგენილია „საბაზე“. როგორ ფიქრობთ, მოხვდებით თუ არა ნომინანტებს შორის? 
-    არის შანსი, თუმცა თუ არა, არც ეგ მეწყინება.
-    „დიოგენეს“ მკითხველებს ურჩიეთ ერთი განსაკუთრებულ წიგნი.
-    დავით წერედიანის „სვანური სიმღერების კვალდაკვალ“. ძალიან პატარა წიგნია, სვანური სიმღერებით, და ყოველი სიმღერა უზარმაზარ წიგნად შეიძლება აქციო.