რეცენზია აირის მერდოკის რომანზე „ზღვა, ზღვა“

რეცენზია აირის მერდოკის რომანზე „ზღვა, ზღვა“

24.03.2022
1647

   „ახლა, ამ სტრიქონების წერისას, ჩემ წინ გადაჭიმული ზღვა მაისის მზის სხივებში კი არ ციმცებს, ლაპლაპებს. მოქცევა იწყება. ტალღები მშვიდად ელამუნება ნაპირს“ - ეს ალბათ ყველაზე ბანალური დასაწყისია რომანისთვის, რომლის სათაურიც პირდაპირ ზღვაზე მიგვითითებს. თუმცა აირის მერდოკის წიგნის შემთხვევაში ეს არ არის უბრალო სათაური და არც შემთხვევით აირჩია ავტორმა ორმაგი ფორმულირება „ზღვა, ზღვა“ თავისი მეცხრამეტე რომანისთვის, რომელმაც მას 1978 წელს ინგლისური ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ბუკერის პრემია - მოუტანა. 
   დასაწყისის ფსევდობანალურობის შეგრძნება პირველივე გვერდზე გვეკარგება, როდესაც ვიგებთ, რომ ზღვის ეს მაღალფარდოვანი აღწერა რეალურად მთავარი გმირის მემუარების პირველი აბზაცია (რომელსაც თვითონ „არცთუ დამაკმაყოფილებელ“ აღწერას უწოდებს). მალევე უსახელო და პრეტენზიული მთხრობელი იმასაც გვამცნობს, რომ გადაიფიქრა და ის, რასაც წიგნში წავიკითხავთ, მისი მემუარები კი არა, არამედ დღიური იქნება. ჩვენ, მკითხველს, გვითანხმებს, რომ მისგან არ ველოდეთ არც ზღვის აღწერის ერთ მთლიან ტომს (რაც, მისი თქმით, თავისუფლად შეუძლია დაწეროს, მაგრამ არ დაწერს) და არც მაღალფარდოვანი სტილის გამოყენებას (რაც ასევე შეუძლია, მაგრამ შიშობს, არ დავცინოთ). მთხრობელს, რომელიც პირველივე გვერდებიდან არასანდო ფიგურაა, თითქოს ის ილუზია აქვს, რომ ვხვდებით, ვინ არის და მალევე გვიდასტურებს თავის ვინაობას - „დიახ, დიახ, ჩარლზ ეროუბი ვარ და ახლა სამოც წელს გადავაბიჯე“. ინფორმაციის ქაოსურად მოწოდების ფონზე მერდოკი ჩარლზის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს მაინც გვატყობინებს: კერძოდ, რომ იგი პენსიაზე გასული თეატრის რეჟისორი და დრამატურგია, რომელსაც გადაუწყვეტია, დარჩენილი სიცოცხლე ზღვისპირა სოფელში მდებარე გაუბედურებულ სახლში გაატაროს. ჩარლზთან ერთად 620-გვერდიანი მოგზაურობა გველოდება წინ და ბუნებრივია, ვცდილობთ, მას გავუგოთ და მიმზიდველი ან საინტერესო მახასიათებლები დავიჭიროთ, რასაც მთავარი გმირი ძალიან რთულ საქმედ აქცევს. პირველ რიგში, იგი თითქოს შეგნებულად იყენებს ცნობიერების ნაკადის ტექნიკას ყოველდღიური ამბებისა და სოფლის ყველა პატარა დეტალის აღსაწერად - სახლში ოთახების განლაგებაზე საუბრისას ჩარლზმა შეიძლება სრულიად მოულოდნელად ოსპის სუპის თავისებური რეცეპტი ან ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები გაგვაცნოს და დაწყებული ამბავი საერთოდ არ დაასრულოს, რადგან ეძინება. მიუხედავად ეგოისტური და ამპარტავნული ტონისა, ჩარლზი თვითონვე გვიხასიათებს თავს ნეგატიურ პერსონაჟად - სჯერა, რომ გარყვნილი ადამიანია და ამაყობს საკუთარი დიქტატორული რეპუტაციით თეატრალურ სფეროში. ალბათ, ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, მის წარმომავლობას ეხება - „ეივონის სტრეტფორდში დავიბადე“. რომც არ ვიცოდეთ მერდოკის შემოქმედებაში ამ ადგილის განსაკუთრებულობისა და შექსპირისეული რემინისცენციების მნიშვნელოვანი როლის შესახებ, ჩარლზი მალევე თვითონ ახდის ფარდას ამ კავშირს - „თეატრში, რა თქმა უნდა, შექსპირის გამო მივედი. მათ, ვინც მერე გამიცნო, როგორც შექსპირის პიესების რეჟისორი, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, იმთავითვე როგორ დამიმორჩილა ამ ღმერთმა“. შექსპირს დამორჩილებული მთავარი გმირი დრამატურგიული ოსტატობით არ გამოირჩეოდა და მსახიობადაც უვარგისი იყო, თუ არ ჩავთვლით მის მიერ შესრულებულ პროსპეროს როლს (რომელიც მერდოკმა ჩარლზისთვის ისეთივე გათვლილი სიმბოლიზმით აარჩია, როგორითაც ბრედლი პირსონის ჰამლეტისეული ალუზიები რომანში „შავი პრინცი“). მთავარი გმირის მიმართ თანაგრძნობას გვიჩენს ის, რომ მას, გარდა დღიურის წერისა, დიდი მიზანი ამოძრავებს - სურს, სიკეთის ხელოვნებას დაეუფლოს და კარგი ადამიანი გახდეს. თუმცა რომანის განმავლობაში ჩარლზი ყველაფერს აკეთებს, რათა დაგვანახოს, თუ რამდენად ცუდი პიროვნებაა. სიკეთის ფენომენზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მერდოკისთვის გმირის აგებისას გამოყენებული ერთ-ერთი რიგითი ელემენტი არაა; ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ მერდოკმა არაერთი მონოგრაფია და ესე გამოაქვეყნა ფილოსოფიაზე. მათში უდავოდ იგრძნობა პლატონის გავლენა და, მერდოკის აზრით, თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი (The Sovereignty of Good) სწორედ სიკეთის მორალურ ანალიზს ეთმობა. ამ მხრივ, ჩარლზის დილემები და მცდელობები მერდოკის ფილოსოფიის საინტერესო მხატვრული ასახვა გამოდის. 
   ავტორი ფრაგმენტული თხრობის ელემენტებით ახერხებს, ჩარლზისგან არასანდო მთხრობელის შექმნას. მას ყველა ეპიზოდში სწამს, რომ კეთილი განზრახვით მოქმედებს და ცდილობს, ამაში ჩვენ - მკითხველიც - დაგვარწმუნოს, როდესაც რეალურად გარშემომყოფი ადამიანებით განუწყვეტლივ მანიპულირებს. ამ აბსურდის მელოდრამაში, რომელსაც ავტორი უამრავი კომიკური დამთხვევითა და სიტუაციით ქმნის, ჩარლზი ნაბიჯ-ნაბიჯ საუცხოო, საინტერესო თანამგზავრად ყალიბდება. სასიყვარულო ნარატიულ ხაზში მერდოკი ჩარლზს წარსულით შეპყრობილ ჯეი გეტსბიდ წარმოგვიდგენს. ის, რასაც გმირი ერთგულებასა და სიყვარულს ეძახის, ჩვენთვის მანია უფროა, რომ არაფერი ვთქვათ თვალთვალზე, შეპარვაზე, ფარულად მოსმენაზე, მოტაცებასა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებზე, რომლებსაც იგი ამაყად სჩადის წიგნის ყველა ნაწილში. ჩალზი რომანის ქალ პერსონაჟებს არაადამიანურად ექცევა, ხოლო როცა პასუხისმგელობის აღების წინაშე დგება, თავი მსხვერპლად გამოჰყავს - „თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო. შენ გამო ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ იძულებული ვარ, დესპოტურად მოვიქცე, რაც მძულს“. ჩარლზის სახით მერდოკი მე-20 საუკუნის ინგლისური რომანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად მავნებელ გმირს ქმნის, რომელიც კონფლიქტშია როგორც თავის თავთან, ისე ნაწარმოების ყველა გმირთან და რაც მთავარია - გარემოსთან. მაშინ, როცა იგი ადეკვატურობის ყველა მოცემულობას ივიწყებს და ქარის წისქვილებს ებრძვის, ზღვა, რომელიც ურჩხულად წარმოუდგენია, თავს არ ანებებს და მტრულად დასდევს მის სიმშვიდეს, ისევე როგორც მობი დიკი არ ასვენებდა კაპიტან აჰაბს. მერდოკი ზღვის სახით რომანში ცალკე კონფლიქტურ პერსონაჟს ქმნის - უკვდავს, ფანტასმაგორიულსა და ჩარლზივით მავნებელს. ქსენოფონტის ისტორიული გადმოცემის თანახმად,  ძვ.წ. 401 წელს უგზოუკვლოდ მოხეტიალე, წყურვილით დატანჯულმა 10,000-მა ბერძენმა შავი ზღვის დანხვაზე შვებით ორი სიტყვა შეჰყვირა: „ზღვა! ზღვა!“ (Thalatta! Thalatta!), პოლ ვალერის ლექსში კი ბერძნების ეს ცნობილი ეპიზოდი მსგავსადაა გადაკეთებული - „ზღვა, ზღვა. მუდამ გამაცოცხლებელი“ ("La mer, la mer. toujours recommencėe"). რამდენად იმეორებს მერდოკის რომანის იდეა იმ წყაროების პათოსს, რომლებშიც ზღვა ხსნის საშუალებაა და საიდანაც ავტორმა წიგნის სათაური აიღო, მკითხველი გადაწყვეტს, როცა კარგად გაიცნობს შექსპირის პროსპეროს თანამედროვე პროტოტიპ პერსონაჟს - ჩარლზ ეროუბის და მის ქაოსურ ცხოვრებას. 
   ძნელია იმის თქმა, რაზეა რომანი - სიყვარულზე, ოჯახზე, გასტრონომიაზე, ნევროზზე, დაკარგული დროის ძიებაზე, ბუდიზმზე, ქრისტიანობასა თუ შექსპირზე, თუმცა ერთი რამ ნათელია: „ზღვა, ზღვა“ აირის მერდოკის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მის სიუჟეტურ პერიპეტიებს, მრავალფეროვან სტრუქტურასა და ენას ქართველი მკითხველი „შავი პრინცის“ შემდეგ უკვე მეორედ გაიცნობს თამარ ლომიძის ძალზე შთამბეჭდავ და დახვეწილ თარგმანში.