რეცენზია მაგდა კალანდაძის რომანზე „მეორე ოთახი“
წიგნი სიყვარულზე: მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახი“ - ამბავი, რომელიც არ მეყო.
113 გვერდი ცოტაა, მაგრამ საკმარისი, რომ მიხვდე, როგორ დაუნდობლად გულწრფელ და თამამ წიგნს კითხულობ - ქალის დაწერილ ქალურ წიგნს ქალის პირადზე, ძალიან ბუნებრივს, საშინლად ადამიანურს და დამაჯერებელს.
კითხვისას ვფიქრობდი, რომ მთავარი პერსონაჟის, ელენეს პირადი ჩანაწერი, დღიური ჩამივარდა ხელში და აქა-იქ მეუხერხულებოდა და ვიშმუშნებოდი კიდეც, იმდენად ინტიმური და გაუპრანჭავი ტექსტია.
ეს გულახდილი და გულწრფელი კომუნიკაცია მთხრობელს, პირველ რიგში, საკუთარ თავთან აქვს. მე პირადად ასეთი გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟი ქალი თავისი პერსონალური, სხეულებრივი, სექსუალური და სასიყვარულო გამოცდილებებით ქართულ ლიტერატურაში არ მახსენდება. ძალიან მარტოსული და შეყვარებული ქალის ვნებები და თვითგამორკვევის ამბავია გაშლილი უახლესი წარსული მოვლენების, ცნობილი აქცია-გამოსვლების ფონზე. მთავარი გმირი თითქოს პასიურია, ინერტული, ინდიფერენტული, დისტანციიდან აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, მის გვერდით მყოფ ადამიანებს; გაუცხოებულია პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ, უჭირს თავისი სხეულის აღქმა, მიღება, აკლია თავდაჯერება, მორცხვია, თავშეკავებული, დაბნეულიც, უჭირს თვითგამოხატვა, სავსეა სოციალური შფოთვებითა და დეპრესიული ნიშნებით, გარიყული და დამალულია. მისთვის საშიში და სახიფათოა გარემო, მუდმივად განიცდის საფრთხეს, ამიტომ არ უნდა, ჩანდეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებისთვის უხილავი იყოს, მშვიდად და აუღელვებლად ცხოვრობდეს, თავი გადაირჩინოს. მაგრამ კომფორტის ზონას ურღვევენ მის გვერდით მცხოვრები, მეორე ოთახის ადამიანები და საინტერესოა, სიუჟეტის განვითარებისას, ელენეს პირადი, მერყევი, სუსტი და დაუცველი ხმა თუ როგორ იძენს პოლიტიკურ შინაარსს და სრულიად გაუაზრებლად და დაუგეგმავად აქტივიზმში გადადის _ ადამიანურ თანაგრძნობას გამოხატავს და ხმამაღალ, თამამ და გამბედავ განაცხადს აკეთებს. თითქოს სააშკარაოზეც გამოდის და ძლიერდება.
დიახ, ეს არის ქალის პირადი, რომელიც აუცილებლად პოლიტიკურიცაა. „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, ეუბნებიან მთავარ გმირს და, საბოლოოდ, მართლაც თავის გადარჩენაზეა ეს წიგნი, რომანი-რეფლექსია ელენეს ყოველდღიურ თუ წარსულ ცხოვრებისეულ დეტალებზე და ქალად ყოფნაზე.
ვთქვი, ამბავი არ მეყო-მეთქი, მაგრამ ისეთი ფინალია, ჩემი აზრით, გმირის ცხოვრებას რომ ცვლის. რა და როგორ ხდება, დეტალურად წიგნში იხილავთ. მე კიდევ ორიოდე სიტყვით გამოვყოფ ზოგ დეტალს: პირველ რიგში, სათაური „მეორე ოთახი“, რომელიც, დიდი ალბათობით, ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახის“ გამოძახილია, მას გაგახსენებთ პირდაპირ, თავისი კონცეფციითა და მნიშვნელობით.
ასევე, ჩემთვის თავისი შინაარსით განსაკუთრებით ემოციური, დრამატული და მძაფრია ტექსტის ის მონაკვეთები, სადაც მთხრობელი პერსონაჟებს მიმართავს და უთქმელად, ჩუმი, შინაგანი დიალოგით ესაუბრება.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ კარგი ჩანაფიქრია და ტექსტიც გაალამაზა ქალი პერსონაჟების სახელებმა: ელენე, ლიანა, ლილი, ლენა, ნათელა - ფონეტიკურად და ჟღერადობით ასე რომ ჰგავს ერთმანეთს.
„ქალი“ ამდენჯერ იმიტომ ვახსენე ყველა ბრუნვაში, რომ ეს წიგნი თავიდან ბოლომდე ქალურია თავისი ქალური თემებით; ფემინისტურია და ამ თავისი საშინლად გულწრფელი, თამამი ინტიმურობის, სექსუალობის გამო ვინმეს თუ გულზე მოხვდა, არ ესიამოვნა და გაბრაზდა, მშვენიერია, რადგანაც მწერალს, ქალ ავტორს, თავისი მიზნისთვის მიუღწევია და ეგაა. წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და გაბრაზდით. ბრაზი ნებადართული და ლეგიტიმურია.