რეცენზია ერიკ ვუიარის „დღის წესრიგზე“

რეცენზია ერიკ ვუიარის „დღის წესრიგზე“

25.01.2022
958

    „უდიდესი კატასტროფები ხშირად ნაბიჯ-ნაბიჯ გვიახლოვდება“.
    რა ხდებოდა მანამ, სანამ 1940-იანი წლების ევროპა მეორე მსოფლიო ომის შედეგად მხრჩოლავ ნანგრევებად იქცეოდა და მილიონობით სიცოცხლე მოისპობოდა? რა ხდებოდა კულისებს მიღმა?
   სწორედ ამ საკითხის გარშემო ტრიალებს ერიკ ვუიარი ბუკერის პრემიის მფლობელ რომან „დღის წესრიგში“. მიუხედავად თემის სიმძიმისა, წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომანი მცირე ზომისაა, თუმცა ავტორი ახერხებს, სრული სიმძაფრით აღწეროს მოვლენები.
ვუიარი მწერლის გარდა კარგი ისტორიკოსიცაა. ის ყურადღებით აგროვებს ფაქტებსა და დეტალებს, რაც მის მონათხრობს სანდოობას ანიჭებს. „დღის წესრიგი“ პუბლიცისტიკისა და ლიტერატურის ნაზავია.
   მწერალი ერთგვარ ფაზლს გვთავაზობს, სადაც ფაზლის ნაწილები რეალური ისტორიული მოვლენებია. ის ამბები, რომლებიც 30-იანი წლების ევროპაში მოხდა: 1933 წლის თებერვალში მსხვილი მეწარმეებისა და ჰიტლერის შეხვედრა, სადაც ნაცისტური პატიის დაფინანსების საკითხი განიხილეს და 1938 წლის მარტში შუშნიგისა და ჰიტლერის შეხვედრა, სადაც ავსტრიის ანშლუსი გადაწყდა. ფაზლის შეკოწიწების შემდეგ ვხედავთ ერთიან სურათს, რომელიც წლების წინ მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ღალატისა და კონფორმიზმის შედეგია. 
   ფაზლის პირველი ფრაგმენტი: 1933 წლის 20 თებერვალი - საიდუმლო შეხვედრა რაიხსტაგში 24 ყველაზე მსხვილ გერმანელ მეწარმესთან. 
   ფიურერთან შესახვედრად შეიკრიბნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან „Opel“, „Siemens“, „BASF“, „Bayer“ და ა.შ. სწორედ ამ კომპანიებმა დააფინანსეს ნაცისტური პარტია საარჩევნოდ და ამ დღიდან დაიწყო ის, რასაც ამ ამბიდან  რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომი ეწოდა. 
   დღეს ჩვენ ამ კომპანიების პროდუქტებით ისე ვსარგებლობთ, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს იმ მსხვერპლზე, რომლითაც მათ მე-2 მსოფლიო ომის დროს ისაზრდოეს. მათ საწარმოებში საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები არაადამიანურ პირობებში შრომობდნენ და ასიათასობით დასაქმებულთაგან მხოლოდ ათეულები გადარჩნენ.
   ფაზლის მეორე ფრაგმენტი: 1938 წლის 12 მარტი - ანშლუსი: ავსტრიის ანექსია. 
ავსტრიის კანცლერმა კურტ ფონ შუშნიგმა, თანამდებობისა და ავტორიტეტის დაკარგვით შეშინებულმა, შეასრულა დაკისრებული როლი და დაემორჩილა ნაცისტურ ძალას.
   12 მარტის დილას ავსტრიელები სულმოუთქმელად და უღირსი სიხარულით ელოდნენ ნაცისტების შესვლას ავსტრიაში - ისინი ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებდნენ და კეთილგანწყობის ნიშნად საოცარი მონდომებით ასრულებდნენ ნაცისტურ მისალმებას.
ევროპულმა დემოკრატიებმა ოკუპაციას ხიბლნარევი მორჩილება მიაგებეს. 
   ევროპამ შეშფოთება გამოხატა.
   ვენაში სიგიჟის, მკვლელ ამბოხებულთა ღრიალის, ხანძრების, ნამსხვრევებით მოფენილ ქუჩებში ებრაელების თმით თრევის სცენები თამაშდებოდა. ვენელ ებრაელებს გაზი გაუთიშეს, რადგანაც თვითმკვლელობის საშუალებად ირჩევდნენ და გადასახადსაც აღარ იხდიდნენ. ანშლუსის გამოცხადებისას ათას შვიდასზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
   და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ყველაფერი, რაზეც ერიკ ვუიარი წერს, შორეული ისტორიაა, მაგრამ ერთგვარი გაფრთხილებაა მომავალი თაობებისთვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს იგივე. Შეშფოთებისა თუ შეგუების ნაცვლად ყოველთვის წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას.
   წიგნის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, თქვენც დაგებადებათ კითხვა - რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? რა უფრო მნიშვნელოვანია - მიენდო სინდისის ხმას თუ იზრუნო პირად სარგებლზე?