ინტერვიუ მაია ბადრიძესთან

ინტერვიუ მაია ბადრიძესთან

22.11.2021
1638

-    როდის და რატომ გადაწყვიტეთ რობერტ მუზილის წიგნების თარგმნა?
-    სიმართლე  გითხრათ, მე არ გადამიწყვეტია. ერთ დღესაც, იუნგის „ფსიქოლოგია და ალქიმია“ რომ გამოიცა, თამრიკომ (თამარ ლებანიძემ)  მითხრა,  შემდეგი პროექტი მუზილის „უთვისებო კაცი“ იქნება და შენ უნდა თარგმნოო. შევცბი, მაგრამ დავთანხმდი. უკვე არსებობდა მუზილის „სამი ქალის“  არაჩვეულებრივი თარგმანი და მახსოვს, სადღაც ყური მოვკარი, რომ მისი მთარგმნელი „უთვისებო კაცის“ თარგმნასაც აპირებდა. ისიც მახსოვს, გავიფიქრე, როგორ უნდა ეყოს მთარგმნელს ენერგია, როგორ უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის, რომ ამას დასთანხმდეს-მეთქი. ცხადია, ერთი წუთით არ დამიშვია, რომ ეს მთარგმნელი, შესაძლოა, მე ვყოფილიყავი. და უცებ ეს მთარგმნელი სწორედ მე აღმოვჩნდი. მეგონა, ვიცოდი, რასაც მოვკიდე ხელი, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ მაინც არ ვიცოდი. მუშაობის პროცესში მეჩვენებოდა, რომ ძალა არ მეყოფოდა, თავს ვერ გავართმევდი, თვეობით თავს ვანებებდი და მერე ისევ ვაგრძელებდი. 6 წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა, მაგრამ  ბოლოს მაინც დავასრულე. 
-  მოგვიყევით მუზილის შემოქმედების მნიშვნელობასა და გავლენაზე მსოფლიო ლიტერატურაში. 
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თუ გადაწყვეტ, ბანალურობას თავს ვერ აარიდებ. მუზილის შემოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან მან არათუ მთელი ეპოქა ასახა, არამედ ამ ეპოქის სხეულის ავადმყოფი ორგანოებიც შეულამაზებელი პირდაპირობით აღწერა და კითხვის პროცესში არ გტოვებს იმის განცდა, რომ ეს სამყარო განწირულია, მყიფეა და ასეც მოხდა. ერთდროს ეს პომპეზური, მორთულ-მოკაზმული, ორმაგი მორალით და ნარცისული ტკბობით გაბრუებული სამყარო დაინგრა. „უთვისებო კაცში“ ჯერ კიდევ ისმის აბრეშუმის ძვირფასი კაბების შრიალი, ჯერ კიდევ ელავს ზურმუხტები, მაგრამ იმ სიცარიელეს, იმ დეკადენსს, რომელიც უკვე მეტისმეტად ცხადია, ვეღარაფერი ავსებს, ვეღარაფერი აწონასწორებს  და იწყება  პირველი მსოფლიო ომი, რომლის შემდეგაც სულ სხვა სამყარო იბადება, მაგრამ მათ უკვე სხვა აღმწერები და დამკვირვებლები ჰყავთ.   
- „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ მუზილის პირველი რომანია, რომელიც მან 25 წლის ასაკში დაწერა. დღესაც, 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, წიგნის მთავარი თემა არ კარგავს აქტუალობას. გთხოვთ, მოგვიყვეთ ამის შესახებ. - ვფიქრობ, რომ მუზილის "ტერლესი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი საინტერესო ტექსტია. ყველაზე მეტად რაც გაკვირვებს, არის ის, რომ მუზილმა ეს რომანი 25 წლის ასაკში დაწერა, ანუ XX საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ჯერ არ გამოცემულა ფროიდის, მეორე დიდი ავსტრიელის, ფუნდამენტური ნაშრომები და 25 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, თითქოს, არცთუ საკმარისი მწერლური თუ ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ამ ტექსტით ადამიანის ფსიქიკის ისეთ ბნელ, თვალისთვის მიუწვდომელ შრეებს აღწერს, რომელიც ცოტა მოგვიანებით ფროიდის კვლევის საგანი ხდება. ეს არის ძალადობის, სისასტიკის ანატომია და შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც მესამე რაიხის ლიტერატურული  წინასწარმეტყველება.
- მუზილის თარგმანებისათვის არაერთი ჯილდო მიიღეთ, სულ ბოლო კი -  ავსტრიის კანცლერის პრემია, ახლახან, სწორედ ამ რომანის თარგმანისათვის.
- მახსოვს, ჩემი პირველი სტუმრობა ვენაში. მაშინ მუზილის „უთვისებო კაცის“ იუბილეზე მიგვიწვიეს ამ ტექსტის მსოფლიოს ყველა მთარგმნელი. მე მაშინ თარგმნა დაწყებულიც კი არ მქონდა. არსებობდა მხოლოდ ხელშეკრულება შესაბამის გერმანულ სააგენტოსა და ჩვენს - „დიოგენეს“ შორის და როგორც მომავალი მთარგმნელი, მეც მიმიწვიეს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჯერ ავსტრიის საელმწიფო პრემიას მომანიჭებდნენ და შემდეგ რამდენჯერმე კანცლერის პრემიასაც.  
- რატომ ურჩევთ „დიოგენეს“ მკითხველებს მუზილის წაკითხვას? მისი რომელი წიგნი არის განსაკუთრებულად საყვარელი თქვენთვის და რატომ? 
- „დიოგენეს“ თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს და ეს არაერთხელ მიგვრძვნია. ალბათ, ამ ერთგული მკითხველის უმრავლესობამ უკვე წაიკითხა კიდეც მუზილი, რომლის გარეშეც ევროპული ლიტერატურა წარმოუდგენელია. მკითხველს ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამს. მე კი მათ, ვისაც ჯერ „ტერლესი“ არ წაუკითხავს, ვეტყოდი, რომ ეს თითქმის  პროგრამული ტექსტია, განსაკუთრებით ჩვენთვის და ჩვენს რეალობაში, რომელიც ცდილობს, ირაციონალურ ძალადობას, კვაზირაციონალური შინაარსი მოარგოს და ასე გვაქციოს მსხვერპლად.