ჩვენი მკითხველის, ალექსანდრეს რჩეული წიგნი
„დიოგენე“ ის გამომცემლობაა, რომელიც არასდროს გტოვებს იმედგაცრუებულს; ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას, ეზიარო აღმოსავლურ სიბრძნეს, მაგრამ არც თანამედროვეობასთან დაკარგო კავშირი. მოუსმინო დროის ხმაურს, მთელი არსებით შეიგრძნო ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეასრულო ალექსის ზორბასთან ერთად ჭეშმარიტი მშვენიერებისა და თავისუფლების ცეკვა და მერე კერუაკის გზასაც გაუყვე.
მეც ვადგავარ გზას და ვკითხულობ - გუშინ, გუშინწინ, ყოველდღე... შავი ფანქრით ვხაზავ ჩემს „მესთან“ თანაზიარ ფრაზებს. ვკითხულობ მარტივად და ამ დიად სიმარტივეში ლამაზ ქიმერებს ვპოულობ. ვკითხულობ და ვნატრობ, რომ ერთ დღესაც ყველაზე საპატიო მეტსახელი - „დჰარმის მაწანწალა“ მიწოდონ.
ამქვეყნად ყველაზე ამბოხებულმა ადამიანმა, ჯეკ კერუაკმა დაწერა რომანი „დჰარმის მაწანწალები“, რომელიც ავტობიოგრაფიულია და იმ პერიოდზე გვიყვება, როცა რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობრები განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ ბუდიზმით, სულიერი სიმშვიდის მოპოვებას კი ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით ცდილობდნენ. ამ წიგნში ყოველი ახალი ფურცლის გადაშლა ბუნების წიაღში დაბრუნების, შენი მწვანე სულის გახსენების მომასწავებელია. აქ ეძებ, რადგან საკუთარი თავის საძებრად წასული ბუდა ხარ, ვინც მწვერვალს აღწევს, მაგრამ სვლას მაინც განაგრძობს; ვინც წამს შეიგრძნობს და უყვარს ქრისტეს სიყვარულის უნარით, ვინც ბედნიერებას სიშიშვლესა და ჰაიკუნის კითხვაში ხედავს; ვინც განსხვავებულ გზას იყენებს იმისათვის, რომ დელფოს სამისნოზე წაწერილი სიტყვების „შეიცან თავი შენი“-ს მნიშვნელობას ჩასწვდეს; ვინც აცხადებს ანარქიას ყველაზე კეთილი მნიშვნელობით. „ვნების სიმძაფრე ხომ შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ეს ყველაფერი თითქოს ფაუსტისეულია. ეს ხომ სვლაა - ვნებათაღელვით და შეშლილი სიმშვიდით გამსჭვალული, ზურგზე ჩანთითა და ტვინში ამოსული ყვავილებით. ეს კერუაკის სიცარიელეა, ყველაზე სავსე და სრულყოფილი სიცარიელე.