4 წიგნი 20 ლარად

4 წიგნი 20 ლარად

კომპლექტში შედის „დიოგენეს“ სამი სერიის რჩეული წიგნები, როგორც უცხოური, ისე ქართული მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურიდან.

 

მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“

 

„მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს. 
მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ.
შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“.
ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი

 

დანიელ პენაკი, „რომანივით საკითხავი“. მთარგმნელი: ია ბერსენაძე.

 

ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ, ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და, ზოგადად, კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ წიგნი რამე მეცნიერულ მეთოდოლოგიას გვაცნობს. ეს „რომანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

 

ვიქტორ ფრანკლი, „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“. მთარგმნელი: მაია ბადრიძე.

 

ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.
ვიქტორ ფრანკლი (1905 – 1997), ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ლოგოთერაპია ვენური ფსიქოთერაპიის „მესამე სკოლაა“ (პირველი და მეორე ფროიდსა და ადლერს გულისხმობს). ფრანკლი თვლიდა, რომ პიროვნების უმთავრესი მოტივაცია ცხოვრების საზრისის ძიებაა, ფსიქოთერაპიის ამოცანა კი ამ საზრისის პოვნაში დახმარებაა.

 

რობერტ მუზილი, „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“. მთარგმნელი: მაია ბადრიძე.

 

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა.

მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად.

რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“?
 

წიგნის დეტალები

სათაური

4 წიგნი 20 ლარად

ISBN

67283

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

950 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

არამხატვრული ლიტერატურა

წონა

0,675 კგ