მერი პოპინსი - ძიძა ყველასთვის

მერი პოპინსი - ძიძა ყველასთვის

16.01.2023
285

ერთხელაც, თოვლიან თბილისში რომ გაიღვიძებ, გადაიხედავ ფანჯრებს იქით და თეთრად გადაპენტილ არეს დაინახავ, თუთიყუშისთავა სახელურიანი ქოლგის ქონას ინატრებ ადამიანი; ჩაჰკიდებდი ხელს და ფიფქებთან ერთად გადაუფრენდი მთელ ქალაქს, როგორც მერი პოპინსმა იცოდა ხოლმე. ჩვენს, პატარებისა და დიდების, მერი პოპინსს, მართალია, ალუბლების ქუჩაზე არა, მაგრამ ჩემთვის წიგნების პირველ ფესტივალზე გადავეყარე – როცა ჩემმა საყვარელმა „დიოგენემ“ ერთბაშად სერიის ორი ტომი გამოსცა, და ბარემ იმასაც გავამხელ, რომ არც პამელა ტრევერსზე გამეგო მანამდე და არც – მერიზე. უცებ დავტაცე წიგნებს ხელი და ახალი წლის დღეებში გადავფურცლე. მერე კი, როგორც ხდება, რეალობიდან გავუჩინარდი და წიგნის მთავარ გმირებს – მერის და ბენქსების ოჯახის 4 „დამჯერ“ ბავშვს ჩუმად და კვალდაკვალ ავედევნე. 

და მაინც, არასდროს მიფიქრია, რომ მერი პოპინსზე რეცენზიას დავწერდი... მსოფლიოში საუკეთესო ძიძას დავემსგავსე – ამ წიგნის ამბებსა და ჩემს თავში ორომტრიალს ჩემთვის ვინახავდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯეინი და მაიკლი დაუსრულებლად არ მისვამდნენ კითხვებს: აბა, როგორ მოგეწონეთ? ხომ არ მიგვატოვებ და კიდევ წაიკითხავ ჩვენზე ბევრ ჯადოსნურ თავგადასავალს?... ეს ციდა ბავშვები აქ რომ იყვნენ, არა თუ წავიკითხავდი, გავყვებოდი კიდეც და მერი პოპინსის მკაცრი მზერის ობიექტიც სიამოვნებით გავხდებოდი. 
ახლა ნელ-ნელა თანმიმდევრობას დავუბრუნდეთ და ზენა-ქვენა ქარების მოტანილი თავგადასავლები გავაცოცხლოთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ბევრს არ გავამჟღავნებ – კითხვის სიამოვნებისა და მოულოდნელობის ეფექტის განელება არ ღირს მკითხველებში, რადგან საქმე პ. ლ. ტრევერსის წიგნს ეხება და, ცხადია, ვსაუბრობთ მსოფლიო საბავშვო კლასიკაზე, რომელიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, სხვადასხვა ასაკის მკითხველებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ და შეიჭყიტონ იმ სამყაროში, რომელიც ასე ძალიან გვაკლია რეალურ ცხოვრებაში დიდ პატარა ბავშვებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო ლეგენდარული ძიძის შექმნის პროცესი, რომელიც 8 წიგნის გვერდებზე ახლაც ცხოვრობს. 

ყველაფერი იწყება ზენა ქარით და სრულდება ქვენა ქარით. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ქარმა მიუყვანა მერი პოპინსი ბენქსების ოჯახს, სწორედ მაშინ, როცა წინა ძიძა უბრალოდ გაუჩინარდა. თუ აქამდე ყველა მიჩვეულნი ვიყავით იმ მოცემულობას, რომ ბავშვები იწონებდნენ ან იწუნებდნენ ძიძებს, ამ ფაქტს, ამ წიგნში მწერალი სხვანაირად გვაჩეჩებს (ისევე, როგორც სხვა დანარჩენს) – მერი პოპინსი ჯეინსა და მაიკლს ათვალიერებს „შეფასების“ მიზნით და მისიზ ბენქსსაც ორაზროვნად უპასუხებს, – „თუ მეც კმაყოფილი დავრჩები“. ასე რომ, მითი, რომ ბავშვებს უნდა მოეწონოთ აღმზრდელები, პირნათლად დამსხვრეულია. 

განსაკუთრებით მიყვარს და გამოვყოფდი მესამე თავს – „მხიარული აირი“. აი, წარმოიდგინეთ, სიცილს რომ ვიწყებთ, ზოგჯერ ხომ ცრემლებით ვიცინით და ლამისაა, გავიგუდოთ?! დიახ, დიახ, ვადასტურებ, ასეა, მაგრამ რა კარგი იქნებოდა, სიცილს ჰაერშიც ავყავდეთ და ვეღარ ვჩერდებოდეთ; ყველაფერზე ვხარხარებდეთ ლოყების გაწითლებამდე, სუნთქვის შეკვრამდე და ჭერში ვლივლივებდეთ! ისეთი საამურია ამის წარმოდგენა და განცდა ხომ საერთოდ, რომ დაბღვერილი მერი პოპინსიც თვალს ხუჭავს ამაზე... მისტერ პარიკი – ზუსტად ასეთია, მერის ბიძა, რომელიც ჩაიზე პატიჟებს მას და ბენქსებს, მაგრამ თვალთახედვის არეალში მყისვე არ გვხვდება. ბუშტად ყოფნას და ჰაერში ჩაის სმას მაშინ შეძლებთ, როცა კითხვას დაიწყებთ, გპირდებით, ოღონდ მიწაზე როგორ უნდა დაბრუნდეთ, ამას აღარ გაგიმხელთ; ჯერ სიცილით გული იჯერეთ წიგნის გმირებთან ერთად და ჩამოშვების გზას თქვენვე იპოვით, ჰუ-ჰუ. ჯეინსა და მაიკლს ნაბოლარა ტყუპები მოსდევენ – ჯონი და ბარბარა, და მხოლოდ მერი პოპინსმა, მზის სხივმა და შოშიამ იციან, რომ ლაპარაკი შეუძლიათ. აბეზარა უფროსებივით კი არ არიან, მხოლოდ იმას რომ ამჩნევენ და აკვირვებთ, ტყუპებმა როდის დაიწყეს ცოცვა ან წინდის გახდა-ჩაცმა. მოკაკანე შოშიასთან მეგობრობაც ერთ-ერთი უნარია, რომელიც ბავშვებს 1 წლამდე მიჰყვებათ. ტყუპები მათთვის ამ შოკისმომგვრელ სიახლეს არაფრის დიდებით აღიარებენ და ჭყავიან, თუმცა ვინ უსმენს მათ?... ჯეინიც და მაიკლიც ასე იყვნენ ოდესღაც, ერთადერთი მერი პოპინსია გამონაკლისი, და შოშიას თუ დავუჯერებთ, მისი ბარტყი უფრო ლამაზია, ვიდრე მერი. 

ყველა ამბავი შთამბეჭდავი და მომაჯადოებელია „მერი პოპინსში“ და ვის ან რას არ ნახავთ და მოისმენთ. ის იცოდით, რომ ქანდაკებები, რომლებიც მარტოდმარტო დგანან პარკებში, გვითვალთვალებენ და წიგნებსაც ინტერესით კითხულობენ? ან ის, რომ მერი პოპინსს, მგონი, ამქვეყნად ყველა იცნობს (გარდა ჩვენი საყვარელი ბენქსების ოჯახისა)? მარმარილოს ქანდაკებებსაც ჰყოლიათ ოჯახები და ცისფერ, კამკამა წყალში ნებივრობაზე ნატრობენ; ნაყინსაც პირველად სინჯავენ და ურცხვად წყალმცენარეს ადარებენ. 

მკითხველებმა იმაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ, ჩვენი ძროხებიც ხომ არ ცეკვავენ, შვილებს ქცევის წესებს ხომ არ ასწავლიან მანამ, სანამ ჩვენ არ გვცალია მათთვის? არადა, ძროხებს საკუთარი საძოვრებიც აქვთ და მდიდრებიც არიან, ყოველი შემთხვევისთვის, მერი პოპინსი ასე ამბობს და რომ არ დავუჯეროთ, ხომ იცით, გაგვიბრაზდება. 

ხშირად ჩნდება კითხვა „რატომ მერი პოპინსი?“, და ზოგადად, სკეპტიციზმი საბავშვო ლიტერატურისადმი – უკვე ნორმად ქცეული რუტინაა, რომელსაც ისევ მკითხველები ვაპროტესტებთ. განა, ერთი კონკრეტული სიტყვის გამო, შეიძლება გაიყოს ბავშვებისა და უფროსების ლიტერატურული გზები? არამც და არამც! რა თქმა უნდა, გაზრდის მიუხედავად, მკითხველისთვის შეუზღუდავია ჟანრები და ხშირად იმ წიგნებში ვპოულობთ საკვანძო აზრს, რაც „დიდების“ წიგნებში დეფიციტურია. ჩემს კითხვას თავადვე ვუპასუხებ – მათ, ვისაც წაუკითხავთ „მერი პოპინსი“, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იციან, რა არის წიგნის მამოძრავებელი ძალა – მერი პოპინსი ბენქსების შვილებს (და არა მხოლოდ) ირიბად თუ პირდაპირ ასწავლის და უვითარებს ჭეშმარიტი ფანტაზიის უნარს; უნერგავს იდეას, რომ ყველაფერი, რაც შეუძლებელი ჩანს გასაკეთებლად, ერთ დღეს შესრულებულ ქმედებად იქცევა. მერი პოპინსმა იცის, როდის როგორ უნდა მოიქცეს როგორც თავად, ისე – სხვებიც, და რასაც ასწავლის ყველას, ვინც კი გზაზე შეხვდება, რათა თავიანთი უკეთესი ვერსია შექმნან ცხოვრებაში. 

ძიძის სამყარო უთვალავი ფერისა და თავგადასავლის განზომილებაა, რომელიც სავსეა ცხოვრებისეული გაკვეთილებით, რომელთა მომსწრენი ყველანი ვართ, რეალური ადამიანებიც და ბენქსების დიდი ოჯახიც. შეიძლება, მერი პოპინსის ჯადოსნური ამბები ბოლომდე ვერ გადმოვიტანოთ ჩვენთან, მაგრამ არ დაგვავიწყდეს – ფანტაზია ყველა კარს აღებს. ამასობაში, ქვენა ქარმაც დაიწყო რხევა – მერი პოპინსი კარუსელით ცისკენ მიფრინავს, მე კი „ვორდი“ მკარნახობს, დრო ამოიწურა და ჩირაღდანი მალე ჩაქრებაო. ორივეს უკან დასაბრუნებული ბილეთი გვაქვს, რა იცი, რა ხდება?..