რეცენზია მინდია არაბულის კრებულზე „ყოველი ამბის დასარული“

რეცენზია მინდია არაბულის კრებულზე „ყოველი ამბის დასარული“

01.11.2022
1035

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით გაუჭირდათ დებიუტანტთა შორის საუკეთესოს დასახელება, რადგან ამ ნომინაციაში, გამარჯვებულის გარდა, კიდევ ბევრი ძალიან კარგი წიგნი იყო წარდგენილი. სწორედ ერთ-ერთ დებიუტანტზე, მინდია არაბულზე და მის წიგნზე, მსურს, გიამბოთ. 

„ყოველი ამბის დასასრული“ და მასში შემავალი მოთხრობები სიუჟეტური განსხვავების მიღმა მაინც ტოვებს ერთიანობის განცდას, რომელიც ავტორის უჩვეულო „ხმით“, გულწრფელობით და პერსონაჟთა განსაკუთრებული გალერეით არის განპირობებული. ამ, — დებიუტანტისთვის უჩვეულოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერის მქონე — ტექსტებისთვის ჟანრის მისადაგება საკმაოდ გამიჭირდა: ამბები ხდება სხვადასხვა სივრცესა და სხვადასხვა დროში, სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის, მითოსის, სიურეალიზმის, სიზმარეული ზმანებისა და რეალობის ზღვარზე...  

არ ვიცი, როგორ შეიძლება გადმოგცეთ ამ პატარ-პატარა ამბების მთელი ხიბლი ისე, რომ საკვანძო მომენტების გამხელას თავი ავარიდო. იქნებ საკმარისი იყოს მხოლოდ იმის თქმა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე დღე შეპყრობილივით დავდიოდი და იმის მიუხედავად, რომ რეცენზიის წერა მქონდა გადაწყვეტილი, ვერც ერთი სიტყვა ვერ დავწერე, სანამ არ განელდა ეს ემოციები, შეგრძნებები დაცხრა და დაწმენდილი შინაგანი მზერა ხელახლა მივაპყარი წიგნს, რომლის ფურცლებმაც დაიტია ისეთი ისტორიები, არარეალურობის მიუხედავად, მაინც ნამდვილი და იქნებ ძალიან შენეულიც რომ გეჩვენება...  

პირველივე მოთხრობაში —  „კოღო“ — მინდია არაბულს შემოჰყავს სასულიერო პირთა ისეთი ტიპაჟები, როგორსაც ალბათ სხვაგან ვერ გადააწყდები. ბერები, რომლებიც „მცირე გრაალის“ სახელით ცნობილ სიწმინდეს დაეუფლებიან და მათი შინაგანი ბრძოლების ასპარეზი —  ავტორის ირონიანარევი ხმით გადმოცემული — არ გაძლევს გამოფხიზლების, კრიტიკული სულით გამსჭვალვის საშუალებას... უბრალოდ, მიჰყვები თხრობას და გჯერა, რომ სადღაც, დედამიწას კიდით კიდემდე სერავს კაცი, რომელიც სამყაროს ითვლის, კაბადონის გეომეტრიას ხაზავს ქვიშაში და როცა შენიშნავს, რომ ჩვენს სამყაროში რაღაც არასწორად მოხდა, ამის მიზეზებს უკუსვლით იკვლევს, რათა საწყის საბაბს მიაგნოს, მიაკვლიოს და მერე, უდაბნოში მარხვისთვის განმარტოებულ იოვანე მოქანცულს მინიშნება მისცეს... ბერს, — უდაბნოს გველხოკერების სრიალში ღმერთის სიტყვების გრამატიკას რომ ეძებს.  
მეორე მოთხრობით კიდევ უფრო უცნაური მღვდლის გაცნობა მომიხდა: მამა ანდრია, რომელიც არსაიდან გაჩენილ არადედამიწური წარმოშობის არსებას წესსაც კი აუგებს, თუმცა წარსულის აჩრდილები თავს არ ანებებენ, და არც ერესისა თუ საკუთარი ცოდვილი ბუნების გაცნობიერება უჭირს. 

ყველაზე საინტერესო პასაჟი ამ მოთხრობაში ჩემთვის ნეტარი არჩილის ირონიულ საბურველში გახვეული ჩანაწერებია, რომლის კითხვის დროს რეი ბრედბერის ცნობილი მოთხრობა გამახსენდა, სადაც სასულიერო პირები ღვთის იუმორის გრძნობის შესახებ დავობენ და ერთ-ერთს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ იხვნისკარტასა და ადამიანის შემქმნელს, შეუძლებელია, იუმორის გრძნობა არ ჰქონდეს... 
ნეტარი არჩილი კი ღმერთს მიმართავს: „არ მაქვს ნება ბრძოლის, რამეთუ დიდი ხარ, შენ, ღმერთო. და როგორც გენებოს, მაინც ისე გადამატრიალებ შენი საღვთო ჩანგლით შენს საღვთო თეფშზე... 

მე კი ვდგავარ სამზარეულოში და განვიცდი სამყაროს მხოლოდ სულით, რამეთუ ხორცი ჩემი ზედმეტადაა დაკავებული მონელებით, არ ვზრუნავ მის სიკეთეზე, არ ვზრუნავ მის სილამაზეზე. და რაწამს გადაწყვეტს იგი, რომ ჩემს გაძღომით გამძორებულ ტვინს მეტი სიცხადე მიანიჭოს, გადავასხამ მამლის ბულიონს სამჯერ გათენებამდე, რათა არც ძილი მომეცეს, არც თვითკმაყოფილება“.  

ამ კრებულში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სათაურის მქონე და უჩვეულო სიკეთის შუქით განათებული მოთხრობა  —  ასევე სასულიერო პირთა მიერ მზის ორბიტაზე აშენებულ სამონასტრო კოსმოსურ სადგურს ეხება, სადაც ერთი მორჩილი, — სამომავლოდ კი პოტენციური წმინდანი — იმყოფება გარკვეული მისიით, მრავალი წლის განმავლობაში. სადგურის უნიკალურობა კი ისაა, რომ მისი განლაგება დროსა და სივრცეში ისეა შერჩეული, რომ ამ სადგურზე მუდამ აღდგომაა და სახელწოდებაც შესაბამისი აქვს: საუკუნო აღდგომის საყუდელი. 

უჩვეულოდ სევდისმომგვრელი და ადამიანური სისუსტით გაჯერებულ ამ ამბავს რამდენჯერმე მივუბრუნდი: მხოლოდ მხატვრული სიღრმით არა, კიდევ ერთი უჩვეულო თვისებითაც გნუსხავს ეს ტექსტი: მგონია, ყველა მკითხველს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ გზაზე წაახეტიალებს ფიქრი, რომელიც ერთდროულად მშვენიერიც არის და სევდიანიც...  

მკითხველისთვის დამახასიათებელი უსამანო ფანტაზიის მიუხედავად, საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გავრცელებული, იახსარისა და დევის შებმის მითოლოგიური პასაჟის გაცოცხლება და მის თანამონაწილედ გახდომა არასდროს მინატრია, მაგრამ როდესაც ამ კუთხის შვილი გითრევს ასეთ თავგადასავალში, უარს ვერ ამბობ და აზარტულად ერთვები მარად განმეორებად საკრალურ აქტში. თვალმოუშორებლად მისდევ ტექსტს და ხვდები, რომ გახდი იმ მისტერიის თანამონაწილე, რომელიც იქნებ შენი ცხოვრების ფარულ შიშებზე ინტროსპექციაა, შენი დემონების დამარცხების შანსი...  

ვეღარაფერს დავამატებ. უბრალოდ, გირჩევთ: წაიკითხეთ ეს მოთხრობები, დატკბით თანამედროვე მწერლობის მრავალფეროვან პალიტრაში გაჩენილი ახალი ფერით და დაელოდეთ მინდია არაბულის ახალ-ახალ წიგნებს. მოლოდინად ნამდვილად ღირს.