20 კითხვა ირმა ტაველიძეს

20 კითხვა ირმა ტაველიძეს

15.09.2022
883

ირმა ტაველიძე მოთხრობების ორი და ესეების ერთი კრებულის ავტორია. «დიოგენეს» მიერ გამოცემული მწერლის პირველი რომანი «ბნელ წყლებში»  გასული წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად იქცა, წელს კი წიგნი პრემია «საბას»  მოკლე სიაშია (ირმა ტაველიძეს ერთხელ უკვე გადაეცა «საბა» ესეების კრებულისთვის «სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები»). მწერალი ინტერვიუს იშვიათად იძლევა, თუმცა «დიოგენეს» მიერ დასმული შეკითხვებით, მისივე თქმით, დიდად გაერთო.


საუკეთესო რჩევა, რომელიც მწერლის ხელობაზე მიგიღია.

ჯულიან ბარნსის წიგნში წავიკითხე: თავიდანვე გადავწყვიტე, ისე მეწერა, თითქოს ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ იყვნენო. ეს - იმისთვის, ყურადღება არაარსებითზე რომ არ გადაეტანა, იმაზე რომ არ დაეწყო ფიქრი, რას მოუწონებდნენ და რას - არა. მშობლები, მეგობრები, კოლეგები... ერთიანად გაწყვიტა. სწორია.  

ბლოკნოტი თუ ლეპტოპი?

ცალხაზიანი რვეულები უხეში, მოყავისფრო ქაღალდის ყდით. ერთსა და იმავე მაღაზიაში ვყიდულობ ხოლმე. დავინახავ თუ არა, მაშინვე წარმოვიდგენ, როგორ ვავსებ ნაწერით და მიხარია.  

დილა თუ საღამო?

ნაშუადღევი. ყავის ბოლო ყლუპი რომ მიგახვედრებს - საქმის დაწყების დრო მოახლოებულა. ხანდახან საღამოც - თუ ხელებს მოუსვენრობა შევამჩნიე.   

კლასიკოსი ავტორი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ არ წაგიკითხავს.

ლორენს სტერნი. „ტრისტრამ შენდი“. აგვისტოში არ ჰქონდათ „პროსპეროს ბუკსში“.   

წიგნი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ მხოლოდ ახლახან წაიკითხე.

„ბეოვულფი“. წინა საუკუნიდან გამოყოლილი სურვილის ასრულება იყო.  

ბოლო წიგნი, რომლის დასრულებაც არ მოგინდა.

კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“. მაინც წავიკითხე ბოლომდე, თუმცა ვხვდებოდი - საჩემოს ვერაფერს ვნახავდი. ალბათ სხვა ასაკისას უნდა ჩამვარდნოდა ხელში.  

სიმღერა, რომელიც, გრცხვენია, მაგრამ გიყვარს.

ჰოლი გოლაითლის (წიგნის გმირის სახელი რომ ჰქვია, როგორი ამბავია?) My love is.  

ფილმი, რომელიც დღესაც გულს გიჩუყებს.

ერიკ რომერის „მწვანე სხივი“. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ვნახე და ისევ გაკვირვებული დავრჩი - რა კარგად უნდა იცნობდე ქალს, რომ ასეთი ფილმი გადაიღო. როგორი მგრძნობიარე თვალი უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი დაინახო და სხვასაც აჩვენო.   

რომელ მხატვარს დაახატინებდი შენს პორტრეტს?

ამაზე არასდროს მიფიქრია. ლეონ სპილიაერტი მიყვარს. მისი ერთი ქალი - სკამზე ჩამომჯდარი, ფანჯრებს შორის კედელს რომ მისჩერებია, სულაც მე ვარ. მაგრამ პორტრეტი? არა, მეშინია. 

რის წაკითხვას ურჩევდი 12 წლის ირმას?

ჰერმან მელვილის „მობი დიკის“. წარმოვიდგინე, როგორ წაიკითხავდა, რა განცდებით. და ალბათ მომდევნო წელს ისევ მოინდომებდა ამ წიგნში დაკარგვას.  

ცნობილი სქელტანიანი წიგნი, რომელსაც შეამოკლებდი.

რობერტო ბოლანიოს „ველური დეტექტივები“. სამას გვერდამდე დავიყვანდი. მშვიდად. სუფთა სინდისით. 

მწერალი, რომლის მსოფლიო დიდებაც გაზვიადებულია.

სალმან რუშდი. მის წიგნებში მომხიბვლელს ვერაფერს ვპოულობ. ერთის კითხვა ასი გვერდის შემდეგ შევწყვიტე. ორი იმიტომ წავიკითხე, რომ რედაქტორი ვიყავი და თარგმანის შესწორება მევალებოდა. ბევრი იწვალა იმისთვის, რომ წამებულის გვირგვინი დაედგა თავზე. 

სათაური, რომელიც გინდა, შენი მოფიქრებული იყოს.

„ზღვა“. ნეტავ ბევრი იფიქრა თუ წერის დაწყებისთანავე მოადგა მწერალს ენაზე? როგორ მომწონს ერთსიტყვიანი სათაურები. უპრეტენზიო სილამაზე.  

სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ახლახან შეიტყვე.

ამასწინათ მამაჩემმა გაიხსენა კაცი, მეტსახელად ტიტიბი, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს სახლის აშენებაში დახმარებია. გავიფიქრე, ტიტიბი ალბათ რაღაცას ნიშნავს-მეთქი და განმარტებით ლექსიკონში მოვძებნე. „ბროწეულის ნარჩევი ქერქი“ ყოფილა, რომლსაც შავ საღებავად იყენებდნენ.   

საქმიანობა, რომელსაც, თავადვე გიკვირს, რომ ეწეოდი.

წინა საუკუნეში და მერეც - ორი-სამი წელი რელიგიის ისტორიას ვასწავლიდი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებს. ბიბლიოთეკებში ვაღამებდი და ვათენებდი, რომ მცირე წარმოდგენა მაინც მქონოდა იმაზე, რაზეც უნდა მელაპარაკა. რელიგიის ისტორია არასდროს მესწავლა და რამ გამაბედვინა... სხვა საკითხია, რომ სტუდენტებს სწავლის სულ მცირე სურვილიც არ ჰქონდათ. წყვდიადში ხელებს ვაფათურებდით. უაზროდ.   

უსარგებლო ნივთი, რომელთან შელევაც გიჭირს.

ოდეკოლონის ბოთლი, რომელიც ჩალითაა შემოწნული. ეტიკეტი აღარ შერჩა და დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ფრანგულია. თუმცა მეხსიერებაში ასე მაქვს ჩარჩენილი. სარკის წინ იდო, გორში, წლების განმავლობაში. და უფრო ლამაზი ვერაფერი წარმომედგინა.    

ჟანრი, რომელიც შენს ბიბლიოთეკაში ჭარბობს.

აქ, ამ ოთახში უმთავრესად ნაჩუქარი წიგნები მაქვს და კიდევ ისინი, რომლებსაც ვერავის ვაჩუქებ, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს და თავიდან წაკითხვას ვაპირებ. სამასამდე წიგნი იქნება. არ ვიცი, უცხო თვალს რას ეტყვის ამ წიგნების დათვალიერება. რომანების კითხვა მიყვარს და ალბათ ეს გამოჩნდება. ლექსების კითხვაც მიყვარს, მაგრამ ალბათ ეს შეუმჩნეველი დარჩება.  

უკაცრიელ კუნძულზე წასაღები სამი წიგნი.

მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ - ერთ წიგნად წარმოვიდგინოთ. და ერთ წიგნში გავაერთიანოთ ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გული“ და მოთხრობები. ქართულიც მენდომებოდა, რა თქმა უნდა. ლექსები, რომლებიც მიყვარს. ათასგვერდიანი ანთოლოგია. 

რის წაკითხვას აპირებ?

წერილების, რომლებიც მარსელ პრუსტმა დედას მისწერა. გაზაფხულზე ვიყიდე ეს წიგნი, მაგრამ მაშინვე ვთქვი, რომ სექტემბერ-ოქტომბრის გრილ საღამოებში წავიკითხავდი. მარტოობის სიტკბოში.  

ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები?

ვიღაც ისეთი, ვინც ძალიან გამბედავი იქნება. და უშიშარი.