20 კითხვა მაგდა კალანდაძეს

20 კითხვა მაგდა კალანდაძეს

12.09.2022
322

«დიოგენემ» მაგდა კალანდაძის რომანი «მეორე ოთახი» შარშან გამოსცა. წიგნის საწყისი ტირაჟი გამოსვლიდან მალევე ამოიწურა, რაც, ქართველი ავტორის შემთხვევაში, იშვიათობაა. რომანი, როგორც საუკეთესო დებიუტი, «საბას» წლევანდელ მოკლე სიაშია და ავტორზე მეტის შეტყობის სურვილი წიგნისადმი ინტერესზე არანაკლებია. «დიოგენემ» მწერალს 20 კითხვა დაუსვა.


საუკეთესო რჩევა, რომელიც მწერლის ხელობაზე მიგიღია.

ყველაფერი, რაც წერაში ხელს არ გიშლის, შენი მეგობარია.

ბლოკნოტი თუ ლეპტოპი?

ორივე - გააჩნია გარემოებას. გზაში, სამოგზაუროდ, კაფეში, ქუჩაში და, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც სახლი არაა, ბლოკნოტი მიწევს მეგზურობას. მეტწილად მცირე მინიშნებები და რამდენიმე სიტყვიანი მოგონებები იყრის ხოლმე იქ თავს, მთლად მეხსიერების ამარა დასარჩენად რომ არ გაიწიროს. უშუალოდ მუშაობის პროცესში კი ლეპტოპი შეუცვლელია. ისე, ძვირფასად მოხსენიებული ბლოკნოტების უზარმაზარი კოლექცია მაქვს - რასაკვირველია, ყველა ხელუხლებელია და ალბათ ოდესმე გავყიდი, როცა სიგარეტის და ბენზინის ფული შემომაკლდება.

დილა თუ საღამო?

შუაღამის სიბნელის და დღის სინათლის გასაყარს ხომ დილა ჰქვია? დილის 5 საათი, მაგალითად. ხო და, დილა მაშინ. სადღაც 7-8 საათამდე, სანამ იმის გარანტია არსებობს, რომ ადამიანების უდიდეს ნაწილს სძინავს და საფრთხე არსაიდან გემუქრება - ამ დროს ძალიან ცოტაა შანსი, ვინმემ მოგწეროს, დაგირეკოს, რამე სიახლე გამცნოს, შენგან რამე დასჭირდეთ, შენ მიმართ მოლოდინები ჰქონდეთ. მუშაობაც ამ დროსაა კომფორტული - ხელისშემშლელებს სძინავთ.

კლასიკოსი ავტორი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ არ წაგიკითხავს.

დანიელ დეფო და ჯონათან სვიფტი. არა, ამათ გარდაც ბევრი იქნება, სხვებიც, მაგრამ ამ ორი ავტორის წაუკითხაობის აღიარება ბავშვობიდან თავზარს მცემდა - “რა, სად, როდის” ვთამაშობდი მაშინ აქტიურად და ჩემი ყველაზე დიდი შიში ის იყო, რომ რამე ისეთი შეკითხვა ამოტივტივდებოდა, რომელიც ამ ავტორების უცოდინრობაში მამხელდა. მოკლედ, ახლაც დიდად არ მსიამოვნებს ამაზე ლაპარაკი, სიმართლე თუ გინდათ.

წიგნი, რომელიც, დაუჯერებელია, მაგრამ მხოლოდ ახლახან წაიკითხე.

დაუჯერებლის რა ვთქვა, მაგრამ ბოლოს მგონი ეგეთი, აქამდე წაკითხული რომ უნდა მქონოდა და არ მქონდა, ჰერტა მიულერის “Atemschaukel” წავიკითხე (“სუნთქვის საქანელად” თარგმნეს მგონი ქართულად). წიგნი 2012 წელს სრულიად უცნობმა ადამიანმა მომიტანა სახლში - ვირტუალურ მეგობარს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, თვალი მოეკრა სადღაც ჩემი წუწუნისთვის, გინდა თუ არა, ორიგინალ ენაზე მინდა ამ ავტორის წაკითხვა-მეთქი (რატომ თავი არ გამიხმა). ხო და ადგა და გამომიგზავნა. მას მერე დევს ეს წიგნი, ორ-სამჯერ გადავშალე მხოლოდ, ამდენივეჯერ დავიწყე და გავეშვი. რატომ ახლა და იმიტომ, რომ ენის დავიწყების შიშები მიტევს ხოლმე პერიოდულად და კი ვერაფერს ვშველი დიდად ამ წერა-კითხვით, მაგრამ დროებით ხომ ნელდება.

ბოლო წიგნი, რომლის დასრულებაც არ მოგინდა.

კნუტ ჰამსუნის “მიწის მადლი”. წიგნს არაფერს ვერჩი - ზუსტად ვიცი, ისევ მომინდება მიბრუნება და იმ ტემპის გაყოლა, რომლითაც ტექსტია აგებული. უბრალოდ, ბოლო დროს ისე გამოვიდა, რომ ქაოტურად ვედებოდი და ვეპოტინებოდი ყველაფერს და ამ რეჟიმში მაინცდამაინც ვერ ჩაეწერა ეს წიგნი - აჩქარება არ უყვარს.

სიმღერა, რომელიც, გრცხვენია, მაგრამ გიყვარს.

Snoop Dog-ის Ballin. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი, ისედაც უკვე ვიწვი სირცხვილისგან.

ფილმი, რომელიც დღესაც გულს გიჩუყებს.

ვეჟინოვის “ბარიერის” მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც 13-14 წლის ვიქნებოდი, სოფელში რომ ვნახე, შავ-თეთრ ტელევიზორში, უკვე დაწყებულს მივუსწარი და მერე დიდხანს, დიდხანს ვეძებდი. რა თქმა უნდა, მაშინ არც ვეჟინოვი ვიცოდი, არც ქრისტოვი, არც სმაკტუნოვსკი და ასე ინტერნეტში ხელის ცეცებით მივაგენი ბოლოს. კი, დღესაც გულს მიჩუყებს ამ ფილმის გახსენება - დღემდე მაქვს შენარჩუნებული კონტაქტი იმ პატარა მაგდასთან, რომელსაც უნდა, მისი მოწყვლადობით უპირობოდ სარგებლობდნენ - შეკითხვების, პასუხების, სიფრთხილის და შიშის გარეშე.

რომელ მხატვარს დაახატინებდი შენს პორტრეტს?

ჯორჯია ო’კიფს, ალბათ. ვულვას მიმსგავსებულ ყვავილად მაქცევდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, სახის დახატვა არავინ სცადოს.

რის წაკითხვას ურჩევდი 12 წლის მაგდას?

12 წლის მაგდას ვურჩევდი, იმ ყველაფრის წაკითხვის ნაცვლად, რაც მაშინ წაიკითხა, ბევრი ეთამაშა, ერბინა, მუხლები გადაეტყავებინა და მეზობლის ღობეებზე ბუჩქებიდან თხილი მოეპარა. თუ მაინცდამაინც, იან მარტელის “პის ცხოვრებას” შევაჩეჩებდი.

ცნობილი სქელტანიანი წიგნი, რომელსაც შეამოკლებდი.

არ მახსენდება ეგეთი წიგნი. ბევრია, ცხადია, რომლებთანაც პრეტენზიები მქონია, მაგრამ შემოკლებაზე არასდროს მიფიქრია. ჩარევის სურვილიც გამჩენია, ოღონდ მოცულობაში შემცირება რამის გამოსწორების გზად მომჩვენებოდა, ეგეთი რამ არ მახსოვს.

მწერალი, რომლის მსოფლიო დიდებაც გაზვიადებულია.

იზაბელ ალიენდე, ალბათ, პირველი ეს გამახსენდა. სტუდენტი ვიყავი მგონი, მაშინ არაფერი მქონდა ამ ავტორის წაკითხული და ბოლო თეთრები დავხარჯე პროსპეროს წიგნის მაღაზიაში “სულების სახლის” უხარისხო ინგლისურ გამოცემაში. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ წამიკითხავს და წიგნიც მალევე გავაჩუქე.

სათაური, რომელიც გინდა, შენი მოფიქრებული იყოს.

თავიდან მინდოდა, ჩემს წიგნს “მდგმური” რქმეოდა. მთელი ის პერიოდი, სანამ ვმუშაობდი, ვწერდი წიგნს, რომელსაც “მდგმური” ერქვა. ცხადია, რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ უნდა მომეშორებინა ეს არაფრისმომცემი აკვიატება და სათაური მომეფიქრებინა. მერე უამრავი არგუმენტი გამოვძერწე და დავიჯერე კიდეც, რატომაც სჯობდა “მეორე ოთახი” “მდგმურს”, მაგრამ სხეულს მაინც დამახსოვრებული აქვს შეგრძნების დონეზე ის პირველი სურვილი და სათაურებზე როცა მიდგება ხოლმე საქმე, სულ ეს მახსენდება.

სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ახლახან შეიტყვე.

ბატკანძერი - დიდი, მტაცებელი ფრინველი ყოფილა. ცხადია, განმარტების გარეშეც ეგრევე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე, მაგრამ ამ ფორმით ეს სიტყვა არ ვიცოდი და ისე მომწონს, ახლა ჩემს კატას ვუძახი ხოლმე, როცა განსაკუთრებულად უზნეო ხასიათზეა და საკბენად ჩემს მონადირებას ცდილობს.

საქმიანობა, რომელსაც, თავადვე გიკვირს, რომ ეწეოდი.

სამოქალაქო აქტივიზმში გატარებული 10 წელი. ცოტათი მიჭირს ხმამაღლა იმის თქმა, რომ 10 წელი ვაკეთე ის, რის წარმოდგენასა და გაფიქრებაზეც კი ახლა შიშისგან მზარავს - ტრიბუნა, ჟურნალისტები, ნაირგვარი ადამიანები, ხმამაღალი და დაჭიმული, მუდმივ ეიფორიასა და აწეულ მდგომარეობაში გადასული დღის და ღამის რეჟიმი. ალბათ ახლა ცუდად ვიქცევი, რომ ასე დაუნდობლად ვწირავ ნაგავსაყრელისთვის ჩემი მაშინდელი ფსიქიკური ჯანმრთელობით ნასაზრდოებ წლებს, მაგრამ ძალიან ცოტა ემპათია მაქვს შერჩენილი იმდროინდელი მაგდას მიმართ - რაგინდა რა მიზეზი ჰქონოდა ამ გაჭენების, ხო და იყოს ასე, ვიყო ცუდი.

უსარგებლო ნივთი, რომელთან შელევაც გიჭირს.

8 წლის წინ ნაყიდი წყალგაუმტარი ქურთუკი, რომელიც ადგილ-ადგილ სახელოებზე სიგარეტითაა ამომწვარი და იღლიაც გამორღვეული აქვს. კიდევ ორი გაფუჭებული ლეპტოპი, რომლებსაც სქელი მტვერი ადევს და პერიოდულად ვწმენდ ხოლმე - კატას უყვარს ზედ ძილი.

ჟანრი, რომელიც შენს ბიბლიოთეკაში ჭარბობს.

ბოლო დროს აკვიატება მქონდა, რომ ყველა ის წიგნი თუ ბროშურა მეყიდა, სადაც ვიღაცები წერას გვასწავლიან - როგორ დავწეროთ კრიმინალური დრამა, როგორ ვიმუშაოთ ავტობიოგრაფიაზე, საიდან დავიწყოთ მხატვრული წერა და ათასი ასეთი უსარგებლო სისულელე; ბოლოს ის გამოცემებიც ვიყიდე, სადაც პირდაპირ სიუჟეტებს გვკარნახობდნენ გამზადებული ფრაზებით და ჩვენ მორჩილად უნდა მივყოლოდით მითითებებს. ერთი სიტყვით, დავაცარიელე ჩემი ჯიბე და ავავსე თაროები ამ გაპრანჭული ქაღალდებით. ერთი პერიოდი ლიტერატურის თეორიას ვუტრიალებდი გარშემო და თემატური წიგნებიც საკმაოდაა ჩემს ბიბლიოთეკაში, მერე გენდერისა და სექსუალობის საკითხებით დავინტერესდი და ასე, ხან რა ჭარბობს, ხან - რა. ინგლისური, გერმანული და ფრანგული გრამატიკის სახელმძღვანელოებიც ბლომადაა, გამახსენდა ახლა.

უკაცრიელ კუნძულზე წასაღები სამი წიგნი.

ავსტრალიური მოთხრობების ანთოლოგია, ჰუგო ფრიდრიხის “თანამედროვე ლირიკის სტრუქტურა” და ვოლფგანგ იზერის “ჩართული მკითხველი” - იმიტომ რომ, თუ არა უკაცრიელი კუნძული, სხვა ვითარებაში ამ წიგნების წაკითხვის შანსი არაა.

რის წაკითხვას აპირებ?

ჟურნალ Philosophie-ში გამოქვეყნებულ იურგენ ჰაბერმასის ვრცელ ინტერვიუს ვუტრიალებ ორი დღეა და ალბათ დავაყენებ ამ დღეებში საშველს.

ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები?

სუპერმოდელი.