პრიმო ლევის პოეტური ქიმია - რეცენზია „პერიოდულ სისტემაზე“

პრიმო ლევის პოეტური ქიმია - რეცენზია „პერიოდულ სისტემაზე“

14.06.2022
1544

ებრაული წარმოშობის იტალიელი მწერლის, პრიმო ლევის კრებული, „პერიოდული სისტემა“ 21 მოთხრობას აერთიანებს.

ავტორი გვეუბნება: „თქვენ წინაშეა ამბავი ერთ პროფესიასთან დაკავშირებულ ყველა მარცხზე, გამარჯვებასა და სირთულეზე. ამ ყველაფრის მოყოლის მოთხოვნილება ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი ხვდება,  რომ ხელოვნება მარადიული არ არის და მისი კარიერაც დასასრულს უახლოვდება“.

წიგნის ყველა მოთხრობას ქიმიური ელემენტების სახელები ჰქვია. ავტორი ქიმიკოსის პრიზმით აკვირდება ყველას და ყველაფერს. წერს ნათესავებზე, ფაშისტურ იტალიაში ებრაელთა დევნასა და ახალგაზრდების ცხოვრებაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. 

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და მთარგმნელი პრიმო ლევი 1919 წელს, იტალიაში დაიბადა. „პერიოდული სისტემა“ 1975 წელს დაწერა. ჰოლოკოსტს გადარჩენილი მწერალი ამ დროს 56 წლის იყო.

მოთხრობებით ავტორს ქიმიური ელემენტები მენდელეევის ცხრილიდან ცხოვრებაში გადმოჰყავს. ადამიანების მსგავსად პერსონაჟები არიან რკინა, თუთია, არგონი, ოქრო, აზოტი, ნახშირბადი და სხვები. ადამიანებივით ურთიერთქმედებენ, ერევიან ან არ ერევიან ერთმანეთს, შეუთავსებელ ნივთიერებებთან შეხებისას ფეთქდებიან ან იკარგებიან რომელიმე ხსნარში და სრულად განზავდებიან, თავს კარგავენ და ახალი ფორმით განაგრძობენ სიცოცხლეს. 

პირველივე მოთხრობაში პრიმო ლევი ებრაელთა სანათესაო წრეს აღწერს, თამბაქოს სუნით გაჟღენთილ წვეროსან ოჯახის უფროსებს, ენაკვიმატ ბიძა-დეიდებს, სირაქლემას ბუმბულებიან, ბარონესა ბებია ბიმბასა და უამრავ სხვას. 

იტალიელ ებრაელთა მეტყველებასა და მის თავისებურებებზეც წერს, ენაზე, რომელზეც, მისი დაკვირვებით, დიდი გავლენა მოახდინა ებრაელთა რთულმა ხვედრმა. 
ნათესავების სპექტრი მრავალფეროვანი და უზარმაზარია, თუმცა ტექსტში ადვილად ამოიცნობთ ავტორისთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟ-ნათესავებს.

ხშირად მათი ცხოვრება თვითკმარი აირის, არგონის მსგავსად მიდის, რომელიც სუფთა, ინერტულ ნივთიერებადაა მიჩნეული და მისი ბერძნული სახელწოდებაც ამასვე ნიშნავს:„უცხოს“, „ზანტს“, „ფარულს“.

ინერტულთა შორის ინერტული ნათესავი ლეგენდებით მოცული, ბებიას ბიძა ბარბაბრამინია, რომელიც ახალგაზრდობიდანვე ისე გამდიდრდა, რომ ნათესავები ქონებას მის იმედად ანიავებდნენ გართობასა და მოგზაურობაში. 
ბარბაბრამინს ქრისტიანი, იგივე „გუია“ მოსამსახურე ქალი უყვარდება, რაც მშობლებს არ მოსწონთ და არც მოსამსახურეზე დაქორწინების ნებას აძლევენ. ბარბაბრამინი პროტესტის ნიშნად 22 წლით ჩაწვება ლოგინში და აღარ ადგება, გაკოტრდება და სანათესაოსაც დააქცევს.

არის კიდევ ერთი გასაოცარი ნათესავი, ძია ბარბარიკუ. მას „არ მოსწონს სამყარო, მაგრამ მოსწონს ადამიანები და განსაკუთრებით ქალები. მოსწონს მინდვრები და მდელოები, მაგრამ არა აურზაური, მუშაობა და კარიერისთვის ბრძოლა, ყოველდღიური სარჩოსთვის წვალება“.
შესანიშნავი ექიმი ბარბარიკუ მუდამ დაულაგებელ, მიგდებულ სხვენში ცხოვრობს, დაუღალავად კითხულობს წიგნებს ჭიქის ძირივით სქელშუშიანი სათვალით და მხოლოდ მაშინ დგება ძველი გაზეთების და წიგნების გროვიდან, როცა პაციენტი გამოიძახებს. ფულს არ იღებს, ძველი ფეხსაცმელებით, ბოსტნის მწვანილით და კვერცხით უხდიან საქმისთვის. პაციენტებთან ფეხით დადის და ტრამვაის ფული არ აქვს.

რატომ მაინცდამაინც ქიმია? მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ცოდნას ხარბად ისრუტავს მოთხრობების გმირი, ეს ცოდნა მას სისხლს ვერ უჩქროლებს, სურს იცოდეს რა ხდება მაშინ, როცა მზე ანათებს ფანჯრებს და სახურავებს, რა ემართებათ გაზაფხულის კვირტებს. ყველაფრის ამოხსნა სურს, თავბრუ ეხვევა არსებობასა და ცოდნაზე განსჯისგან და სამყაროს „კარის მოკლე გზით შემტვრევის“ საშუალებას ეძებს. პატარა ბიჭმა ივნისის ჰაერში ყვავილთა მტვრის ფრენის საიდუმლო უნდა ამოხსნას! პრიმო ლევი ქიმიკოსი ხდება. 

უნივერსიტეტში აღფრთოვანებით ისმენს ლექციებს, ამ პერიოდში გამოდის გაზეთი „სუფთა რასა“, ფაშიზმი ნელ-ნელა იკრებს ძალებს, ამავე ჟურნალში წერენ, რომ ებრაელები ხარბები და ცბიერები არიან. რაც უფრო მეტს საუბრობენ რასის სისუფთავეზე, მით უფრო ეამაყება მოთხრობების გმირს, რომ „მინარევია“, მისი მსჯელობით სწორედ მინარევი შედის ურთიერთქმედებაში და სიცოცხლისუნარიანია, ისევე როგორც ნიადაგი, რომელიც ადვილად ირევს სასუქს, შედეგად კი იძლევა მოსავალს და სიცოცხლის წრებრუნვაში ერთვება. 

სუფთა ნივთიერებას რა შეუძლია? სხვა ნივთიერებისგან თავდაცვა, გაძალიანება და იმად დარჩენა, რაც აქამდე იყო. დამყოლი და რბილი თუთია მაგალითად მარტივად ერევა მჟავას, მაგრამ სულ სხვაგვარად იქცევა, როცა ზედმეტად სუფთაა: უძალიანდება თავდამსხმელს.

მხოლოდ ქიმიის ინსტიტუტშია აზროვნებისთვის სივრცე და სინათლე მოთხრობის გმირისთვის, მის მიღმა მთელ ევროპაში ბნელა: ჰიტლერი უბრძოლველად შედის პრაღაში, ფრანკო იპყრობს ბარსელონას, ფაშისტური იტალია კი ალბანეთს იკავებს. როცა საბჭოთა კავშირმა სტალინგრადში გამარჯვება მოიპოვა, იტალიაშიც იგრძნეს ომის სიახლოვე. ოცწლიანი დუმილი დაარღვიეს ადვოკატებმა, მუშებმა და პროფესორებმა, რომლებიც ახალგაზრდებს უხსნიდნენ, რომ ფაშიზმი სიმართლის მტერი, გროტესკული მმართველობა იყო და ავბედით ომში ჩაითრია იტალია.

ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ, რომ რეჟიმის ზიზღიანი მიუღებლობა არ იყო საკმარისი და აღშფოთება, შეურიგებელი ბრძოლა იყო საჭირო, თუმცა კი ბომბების გაკეთება და იარაღით სროლა არავის უსწავლებია ჩვენთვისო, წერს პრიმო ლევი. მეცნიერების შესაძლებლობებითა და ლაბორატორიაში ნივთიერებების კვლევით  აღფრთოვანებული სტუდენტი-პერსონაჟი ერთი მოთხრობიდან მეორეში გადადის და თანდათან მოწყენილ კაცად იქცევა, რომელმაც ომის ეპოქაში ცხოვრების სიმძიმე კარგად გააცნობიერა.

ებრაელობის მიუხედავად ფაშისტურ იტალიაში მაინც ახერხებს ქიმიკოსი თავის გატანას. ხან კალის ქლორიდს ასაღებს სარკის ხელოსნებს და ხან პითონის ექსკრემენტებს ეძებს მთელ იტალიაში, შარდმჟავას მოსაპოვებლად. შარდმჟავას დაშლის გზით ალოქსინი უნდა მიიღოს. ალოქსინს ერთი დამკვეთისთვის ეძებს - ბანჯგვლიანი სუტენიორის მსგავსი კაცისთვის, რომელიც ბინძურ ფარდულში ფრანგული პომადის ყალბი ასლების დამზადებას ცდილობს, ამ ,,საწარმოში“ მომუშავე გოგოებს კი ყოველდღე ,,უმოწმებს“ პომადის მდგრადობას და დღეში შვიდჯერ კოცნის ყველას. ალოქსინი გამყალბებელს სწორედ პომადის მდგრადობის გასაუმჯობესებლად სჭირდება.

ფალსიფიკატორებისთვის მისაყიდი ნაერთების ძიებით გაწამებული პრიმო ლევი წიგნის დასასრულს მის უდიდებულესობა ნახშირბადის ატომზე წერს, „ქლოროფილის მონაწილეობით მიმდინარე ფოტოსინთეზის ამაღლებული პოეზიაზე“. ნახშირბადზე,  რომელსაც კოსმოსური წარსული აქვს, კირქვის ქანებსა და ზედაპირებშიც არსებობს და გამოთავისუფლდება, როცა წერაქვით ქანებს მოიპოვებენ და კირის საწვავ ღუმელში უკრავენ თავს, აქ მისი ცხოვრება უძრაობიდან მოძრაობაში გადადის: მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადის ატომს კალციუმის ატომი სცილდება და  ჟანგბადის სამი ატომიდან მხოლოდ ორი რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ კირქვის ჩაკირული ყოფიდან ნახშირბადის ატომი ჰაერში გადაინაცვლებს, შეიძლება ზღვას და ოკეანეებს შეერიოს, მერე ისევ ჰაერში იმოგზაუროს და ბოლოს შეუძლია ორგანულ პროცესებში აღმოჩნდეს, შეუძლია აღმოჩნდეს ცოცხალ ორგანიზმებში, ჩვენს ფილტვებში, პლასტმასში, მცენარეებში, ალმასში. ნახშირბადის ატომი მოგზაურია, თუმცა სადაც არ უნდა წავიდეს, ყოველ 200 წელიწადში ერთხელ მონაწილეობს სიცოცხლის ციკლში.

„ნახშირბადი გამორჩეული ელემენტია. ის ერთადრეთია, რომელსაც სხვა თავისნაირ ატომებთან შეკავშირება და ენერგიის დიდი დანახარჯის გარეშე გრძელი ჯაჭვის შექმნა შეუძლია. დედამიწაზე სიცოცხლისთვის კი სწორედ ასეთი გრძელი ჯაჭვებია საჭირო. სწორედ ამიტომ არის ნახშირბადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტი, თუმცა ცოცხალ სამყაროში მოსახვედრად მან საკმაოდ რთული და დახლართული გზა უნდა განვლოს“.

პრიმო ლევის პერსონაჟ ქიმიურ ელემენტებს შორის ყველაზე უფრო ნახშირბადის გზა და ბედი ჰგავს ადამიანისას. სწორედ ნახშირბადის ატომის დიდებულებამ შთააგონა „პერიოდული სისტემის“ დაწერა ავტორს, მისივე თქმით, თავიდან ნახშირბადის მოგზაურობაზე სურდა მოეთხრო მკითხველისთვის.