ინტერვიუ მაგდა კალანდაძესთან

ინტერვიუ მაგდა კალანდაძესთან

17.05.2022
913

   მაგდა კალანდაძე ლიტერატურულ წრეებში კარგად ნაცნობი, ხოლო მკითხველისათვის ახალი სახეა. მისმა სადებიუტო რომანმა „მეორე ოთახი“ ბევრ ადამიანს გაუჩინა სურვილი, საჯაროდ გაეზიარებინა ნაცნობ-მეგობრებისათვის საკუთარი შთაბეჭდილება. 


-    დავიწყოთ სულ თავიდან - ბავშვობიდან. კითხვა იმ დროიდანვე გიყვარდა?
-    დიდად არა. თამაში მერჩივნა. არ ვიყავი ის ბავშვი, ყველაფერს რომ კითხულობენ, რაც ხელში მოჰყვებათ და მაინცდამაინც არც ჩემთვის უფროსებისგან შერჩეული წიგნები მომწონდა. ერთი და იმავე წიგნის ამოჩემება ვიცოდი და ბევრჯერ წაკითხვა. სადღაც 10-11 წლისამ თვითონ დავიწყე საკითხავის არჩევა და ალბათ ამ დროიდან შეიძლება ითქვას, რომ შემიყვარდა წიგნი - ჩუმად, საბნის ქვეშ, ფანრით ხელში როცა ვკითხულობდი იმ ლიტერატურის მიღმა, რომლის წაკითხვასაც ქართული, რუსული და გერმანული ენების მასწავლებლები მავალებდნენ.
-    როგორც ვიცი, შენი ნაწერები ლიტერატურულ პერიოდიკასა და ფორუმებზე ქვეყნდებოდა. როგორი გამოცდილება მიიღე?
-    ჩემი ახლანდელი უახლოესი მეგობრები და უძვირფასესი ადამიანები გავიცანი ფორუმებზე, ლიტერატურული პერიოდიკისთვის წერაც მაშინ დიდი პატივი იყო და მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრს მაშორებდა იმის განცდა, რომ ჩემს ტექსტებს ბეჭდავდნენ და კითხულობდნენ. ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ აჯობებდა, მეტი მეწერა და ნაკლები დრო ფორუმებზე დამეხარჯა, მაგრამ ალბათ ეს ეტაპიც უნდა გამომევლო, სხვანაირად აქამდე ვერ მოვიდოდი - პატარა ვიყავი, 20-21 წლის და იმის ნახევარი თავდაჯერება ახლა რომ მომცა, რითაც მაშინ ვაკაკუნებდი კლავიატურაზე, რაღა მომკლავს.
-    რას ნიშნავს შენთვის, იყო მწერალი? გაგვიზიარე შენი მოტივაცია.
-    დაუძლეველ, მუდმივ, განგრძობად შიშს ნიშნავს ჩემთვის მწერლად ყოფნა. წერა-კითხვა ერთადერთი უნარი რომ არ იყოს, რაც გამაჩნია, არაფრის დიდებით ხელს არ მოვაწერდი ამაზე, ამ შფოთვაზე, ამ ძრწოლასა და წვალებაზე. მეორეს მხრივ, როცა რაღაც გამოგდის და ამას აკვირდები, როცა შენი ხელიდან ტექსტი იქმნება, უბრალოდ ერთმანეთის მიყოლებით დაწერილი წინადადებები კი არა, ნამდვილი ტექსტი, მერე ცოტა ხნით ჰაერის ღრმად შესუნთქვა და ტკბობისთვის თავის მიცემაც შეიძლება. ოღონდ ეს ცოტა ხნით ხდება, იშვიათად, თუმცა მძაფრად.
-    როგორ წარმოგიდგენია, სადმე სხვაგან რომ დაბადებულიყავი და გაზრდილიყავი, შენს ცხოვრებას დაუკავშირებდი თუ არა ლიტერატურას?
-    არ ვიცი. სადმე, სადაც თამაშის უფლებას მომცემდნენ იმის ნაცვლად, რომ „ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა“ მეკითხა, შეიძლება, იმაზე უფრო მჭიდროდაც დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება ლიტერატურასთან, ვიდრე - ახლა. ახლა თამაში ძალიან მაკლია და პერიოდულად ლიტერატურა ეწირება ამ საქმეს. შეიძლება საკუთარ თავთან ვიდავო, ერთის მეორესთან შეთავსება რატომაც არაო, მაგრამ სხვა დროს იყოს ეს. ან შეიძლება, ზუსტადაც წერაა ამ ორის სინთეზი. რომ არა თამაშის დაუძლეველი სურვილი, კითხვისთვის განკუთვნილ დროს ალბათ წერას არ გავუნაწილებდი.
-    როდის გაგიჩნდა „მეორე ოთახის“ დაწერის სურვილი და რა დრო მოანდომე მის წერას?
-    წერა გასული წლის თებერვალში დავიწყე და ზაფხულში დავასრულე. სწრაფად დაიწერა, მუშაობითაც თითქმის ყოველდღე ვმუშაობდი და ისე, როგორც კითხვისას ინტერესი გვკლავს, რა მოხდება ბოლოს, მაგრამ თან გვენანება დარჩენილი გვერდები და ცოტათი დროსაც ვწელავთ, მეც მაინტერესებდა, რა გამოვიდოდა იმისგან, რაც ჩაფიქრებული მქონდა. მართალია, ფინალი თავშივე ვიცოდი, მაგრამ იმაზე საინტერესო გამოდგა პროცესი, ვიდრე ველოდებოდი.
-    მწერლებს ზოგჯერ აქვთ სურვილი, უკვე დაწერილ ნაწარმოებში რაღაც გადააკეთონ. შენ თუ გქონია ეს მომენტი?
-    არა, არ მქონია და არც ახლა მაქვს. მგონია, რომ კარგი მთლიანობა აქვს ტექსტს, თავისი ტემპერატურა, დამახასიათებელი ტემპი და გამართული სტრუქტურა. ეს ის მინიმალური მოთხოვნები იყო, რომლებიც საკუთარ თავს წავუყენე და ვფიქრობ, მინიმალურად მაინც დავაკმაყოფილე. რა თქმა უნდა, სხვა წიგნს სხვა მოთხოვნების სია წაემძღვარება წინ - თანაც, ვეჭვობ, ერთი ორად გაზრდილი რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც.
-    გაგვიზიარე მკითხველებისაგან მიღებული შთაბეჭდილებებიდან შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო.
-    ძალიან მიჭირს განცალკევება. აბსოლუტურად ყველა გამოხმაურება ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყველა კომენტარს, ბლოგპოსტს თუ სტატიას ბედნიერი ვკითხულობ. განსაკუთრებით ალბათ ის კომენტარები მიჩუყებს გულს, სადაც მწერენ, რომ როგორც იქნა, დაიწერა წიგნი, სადაც დანახულად, აღიარებულად და გაგებულად იგრძნეს თავი. 
-    როგორ ფიქრობ, მკითხველებმა ზუსტად ისე მიიღეს შენი პირველი რომანი, როგორც ელოდი?
-    მოლოდინი ცოტა სხვა იყო, სურვილი - სხვა და მიხარია, რომ სურვილი გამართლდა მოლოდინის ნაცვლად. და კი, ზუსტად ისე წაიკითხა მკითხველმა, როგორც მინდოდა, რომ წაეკითხა. 
-    „დიოგენეს“ მკითხველებს ურჩიე ერთი, შენთვის განსაკუთრებული წიგნი.
-    კუტზეეს და ოსტერის მიმოწერას, „აქ და ახლას“ ვურჩევდი, სადაც  ყველაფერია მეგობრობაზე, ახირებულობაზე, სევდაზე, ურთიერთმხარდაჭერაზე, სიყვარულსა და იმედგაცრუებაზე. ერთდროულად გამჭვირვალე და თანაც დახურული ტექსტია, ურთიერთმონაცვლე სტილით და გრადუსით.