რეცენზია თამარ ბართაიას რომანზე „ფერფლი“

რეცენზია თამარ ბართაიას რომანზე „ფერფლი“

28.04.2022
568

   გქონიათ განცდა, რომ პერსონაჟი, რომლის შესახებაც კითხულობთ, თქვენი ნაცნობი ან ახლობელია, ან სულაც მეზობელი? წიგნის მთავარი გმირი, ანა, სწორედ ასეთი პერსონაჟია. ვიცნობ, ოღონდ არ ვიცი, ვინ გამაცნო ან სად გავიცანი… თუმცა ვიცი, როდის - ბნელ 90-იანებში, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ბოლომდე ვერც ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ყურმოკრული სიტყვები - ომი, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, გაუპატიურება… სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ანას ისტორია ერთადერთი არაა და არც მხოლოდ წიგნის სიუჟეტია… ქალები ასეთი ცხოვრებით რეალურადაც არსებობენ...
   წიგნი ერთი ქალის ტრაგიკული ცხოვრების შესახებაა - მის განვლილ გზაზე, ტკივილიან მოგონებებსა და გამარჯვებებზე, გაქცევასა და სრულ გარდასახვაზე. რომანში მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე. მთავარ პერსონაჟთან ერთად ვმოგზაურობთ საფრანგეთში, ლონდონსა და ნიუ-იორკში, თუშეთის მთებსა თუ აფხაზეთის სანაპიროებზე. თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს და წიგნის ბოლომდე არ დაგტოვებთ განცდა, რომ ესაა პირადი საუბარი ადამიანთან, რომელსაც მოუნდა, გული გადაეშალა ვინმე ისეთისთვის, ვინც ბოლომდე მოუსმენდა „შეულამაზებლად, სისასტიკემდე სიმართლით სავსე მის ამბავს“, „ბევრს იფიქრებდა და გულშიც გაიტარებდა ისე, როგორც საკუთარ ტკივილებს“.
   ანა მიზანდასახული, მხიარული, სიცოცხლით სავსე, ბედნიერი გოგონა იყო. უსაზღვროდ უყვარდა თავისი ოჯახი, გამზრდელი ბებია, მშობლები და უმცროსი და დარია. თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. ანას ზურგი აქციეს, გაკიცხეს, სამარცხვინო და თავისმომჭრელი უწოდეს. „...ჯობდა, მკვდარი ვყოფილიყავი, აწი ისედაც აღარ ჰქონდა აზრი ჩემს სიცოცხლეს, როცა ჩემი უმსგავსო საქციელით ამდენ ადამიანს მოვცხე ჩირქი…“ ერთი ტრაგიკული ამბიდან მეორეში, მეორედან - მესამეში და ასე, დაუსრულებელი ტრაგიზმი და იმედგაცრუებები არ ტოვებს ანას. ცდილობს, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მაგრამ ყოველ ჯერზე, ყოველი მცდელობისას მორიგ იმედგაცრუებას აწყდება. საბოლოოდ, საკუთარ ქვეყანაზე განაწყენებული ანა საზღვარგარეთ მიემგზავრება, რათა იქ მაინც შეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება და წარსულის დავიწყება თუ არა, ბნელ კუნჭულში გამოკეტვა. მისი გარდასახვა პიკს საფრანგეთში აღწევს. მას არათუ ნაცნობები ვეღარ ცნობენ, ქართველიც კი არ ჰგონიათ და თამამად მიაწერენ ინგლისელობას. თუმცა როგორც არ უნდა ეცადო, როგორც არ უნდა გარდაისახო, რთულია, გაექცე ფესვებს, მშობლიურ მიწას: „მიხურულ კარს მიღმა, შორიდან, მაგრამ მაინც მესმოდა „აშო ჩონგური“... ვტიროდი და ახლა იმ ქალს ვგავდი, რომელიც ყველაზე საყვარელმა ადამიანმა მიატოვა, უღალატა და სხვასთან წავიდა, ის კი მაინც ამაყად იდგა და არაფერს იმჩნევდა. არადა ისე მონატრებოდა, ისე მონატრებოდა, რომ რას არ გაიღებდა, ოღონდ ერთხელ კიდევ, ერთხელ კიდევ ჩახუტებოდა და მის გვერდით ყოფილიყო. მაგრამ ეს არ იყო კაცი, ეს სამშობლო იყო, ჩემი სამშობლო, რომელიც ახლა გულის გაგლეჯამდე მენატრებოდა, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ მინდოდა, ამაში გამოვტყდომოდი…“
   გარდა მთავარი გმირის ცხოვრებისა, წიგნში მთელი სიმწვავითაა გადმოცემული სხვა ადამიანების ტრაგედიებიც. ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო სიდონიასა და დიტოს ამბები… დიახ, არსებობენ მათი მსგავსი რეალური პიროვნებები, რომელთა ისტორიები ყველას მოგვისმენია.
   აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომანის სასიყვარულო ხაზიც… წარმოგიდგენიათ, ვინმე მთელი ცხოვრება გიყვარდეთ და უსასრულოდ ელოდოთ? ანამ ეს შეძლო. ანა ელოდა, დიდხანს ელოდა. როგორც დედა თეკლამ ურჩია, სიყვარული ანთებული ლამპარივით შეინახა გულში: „ანთებული ლამპარივით შეინახე ეს სიყვარული შენს გულში და ყოველთვის გაგათბობს. ხან აუწევ და ხან ჩაუწევ, მთავარია, რომ სულ ენთოს, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ცხოვრებაში, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე“.
   უამრავი ტრაგიკული მომენტის მიუხედავად წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. გარკვეულ ეპიზოდებზე თვალზე ცრემლი მოგადგებათ, ზოგჯერ ყელში ბოღმის ბურთი გაგეჩხირებათ, ალაგ-ალაგ ეგებ გულიანადაც იცინოთ. ზოგგან ყველაზე თბილი ხელების - ბებოს ხელების - შეხებასაც კი იგრძნობთ და მისი გვერდით ყოლა და ჩახუტება მოგინდებათ. ბოლოს კი, ამ ეპიზოდს დაგიტოვებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა წიგნში:
„- მამა, მითხარი, აი, მაინც რამხელაა ეს შავი ზღვა? თბილისის ზღვაზე ბევრად დიდია? - ეკითხებოდა დარია. 
- ჰაჰაჰააა!! - მთელი გულით ვიცინოდი ჩემი დის სულელურ კითხვაზე, თუმცა პასუხი მეც მასზე ნაკლებად არ მაინტერესებდა.
- ათჯერ დიდია თუ ასჯერ? - არ ეშვებოდა ჩემი და.
- ძალიან დიდია, მამი, ძალიან დიდი, - იცინოდა მამაჩემიც და, როგორც ყოველთვის, ჩუმად ჩემი ყურის ბიბილოს აწვალებდა.
- აი, ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა რო ერთად ავიღოთ? - არ ჩერდებოდა დარია, - აი, სამივე რო ათჯერ ავიღოთ?! ოცჯერ?
- აჰაჰა!
   მამაჩემი თან გაზეთს კითხულობდა და თან ღიმილით, დარიას არცერთ შეკითხვას არ ტოვებდა პასუხის გაერეშე. 
- კი, უფრო დიდია, აბა რა! აი, ნახავ შენ თვითონ.
აჰაჰაჰაააა!!! - ისე ვიცინოდი, თითქოს მეც ისევე არ მღრღნიდა ცნობისმოყვარეობა. დარია კი არ ჩერდებოდა:
- და აი თბილისის ზღვა, კუს ტბა, ლისის ტბა ერთად...
   და უცებ გაჩუმდა.
   გავხედე, პირი დაეფჩინა და ისედაც დიდი ცისფერი თვალები კიდევ უფრო გადიდებოდა.
   ზღვა დაინახა!.. მატარებლის ფანჯრიდან დაინახა ზღვა და ენა ჩაუვარდა! ჩემზე ადრე დაინახა, რადგან მე ზურგით ვიჯექი, ის კი გზას გაჰყურებდა.
   სამოთხე იყო ის, რაც მატარებლის ფანჯრის მიღმა ჩანდა, ნამდვილი სამოთხე, და ისიც სამოთხის ნაწილი იყო, რაც მაშინ მატარებლის პატარა კუპეში ხდებოდა…"