რეცენზია მეივის გალანტის წიგნზე „მეთხუთმეტე უბნიდან“

რეცენზია მეივის გალანტის წიგნზე „მეთხუთმეტე უბნიდან“

15.02.2022
677

„ერთმანეთისა აშკარად არაფერი ესმოდათ, თითქოს შინაგანად დაყრუებულიყვნენ“.

1978 წელს გამოცემულ მოთხრობების კრებულში, მეივის გალანტი ადამიანების ცხოვრებაზე ჩატარებული იმ „ექსპერიმენტის“ შედეგებს გვიჩვენებს, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში მსოფლიომ მეორედ გამოსცადა საკუთარ თავზე. ეს არის ცხრა ამბავი ქვეყნიდან იძულებით გადასახლებულ პერსონაჟებზე, რომელთაც თავი უნდა გაართვან საყოველთაო დავალებას: ამპუტირებული ნაწილების აღდგენის იმედს. 
ინგლისიდან იტალიაში, იტალიიდან საფრანგეთში, საფრანგეთიდან ამერიკაში და უნგრეთიდან შოტლანდიაში გადასახლებული გმირები ყველაზე მეტად აღიქვამენ დროის დინების სიმძაფრეს და ამავდროულად ომისშემდგომი უდროობის განცდას. მოთხრობათა ერთი შეხედვით ქრონოლოგიური განლაგება, საბოლოო ჯამში, აღნიშნული პრინციპის უსარგებლობაზე მიუთითებს, რადგან თითოეული ისტორიის აწმყო, ისევე როგორც მომავალი, წარსულისგან თავის დაღწევის უშედეგო მცდელობაა. გალანტის პერსონაჟებისთვის დრო ოთხი სეზონის მონაცვლეობით, იტალიელებისა და გერმანელების საფრანგეთში შესვლით, ელიზაბეთ II-ის ტახტზე კურთხევით და სამხედრო ტყვეობაში მოზარდობის ასაკის გატარებით იზომება. გმირების ახალ რეალობასთან შეჯახება კი იმ პატარა იტალიელ კარმელას წააგავს, რომელსაც თავიდაპირველად ინგლისურის არაფერი გაეგება, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი ესმის, მაგრამ დუმს. 
გალანტის გმირებს შეუძლიათ, ომის დაწყების წინ, მეზობლის ეზოდან გადმოშვერილი ხის ტოტის ასხეპაზე იდარდონ ან სასტუმროს ნომრებისთვის ახალი გადასაფარებლები შეუკვეთონ; თუმცა ყოველივეს დასრულების შემდეგ, ვერ შეძლონ შვილების სახის გახსენება, მათი სურვილების გაგება, ცოლის ან ქმრის საუბრიდან აზრის გამოტანა და სახლში დაბრუნებისაგან სიამოვნების მიღება. ისინი მზად არიან, არ ნახონ დედები, თუმცა იცოდნენ, რომ მალე შეხვდებიან მათ; გადაურჩნენ ომს, და მაინც _ მისი ეპიზოდების გაცოცხლებას შეალიონ დარჩენილი ცხოვრება.
ტექსტში მინიმალურია მანძილი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. გარდაცვლილთა პროტესტი ცოცხლების მხრიდან მათ შევიწროებაზე კი იმ ყოვლისმომცველი ისტერიის ტრაგიკომიკური გამოვლინებაა, რაც ცხრავე მოთხრობის მთავარ მუსიკალურ თემას წარმოადგენს. ამ „მელოდიაზე“ ცეკვავენ გალანტის წყვილებიც: ინდიფერენტულობით განმსჭვალული ქალები და წარმოსახვითი სიმსივნის ზრდის მოლოდინში მყოფი კაცები. ურთიერთობები, რომელსაც მწერალი გვიჩვენებს, ყველაზე პარადოქსული და ამავდროულად ყველაზე ბუნებრივია. წყვილებს შეუძლიათ ერთმანეთი თითქმის ბავშვობიდან უყვარდეთ, თუმცა ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღარაფერი ახსოვდეთ; მეორე ნახევრის დაკარგვას თვითგადარჩენის ინსტინქტით ნაკარნახევი სიმტკიცით შეხვდნენ და კუბოს წაღება ცხოვრების ახალ თანამგზავრს დაავალონ; ან კიდევ, არასდროს იყვნენ შეყვარებულთან სწორედ იმ მიზეზით, რომ უყვართ. 
„გაამართლა“ თუ არა „ექსპერიმენტმა“ ან რა შედეგი გამოიღო ადამიანებისათვის ადგილის, ცხოვრებისა და როლების შეცვლამ, მკითხველი ამ შეკითხვებზე პასუხს  აუცილებლად მიიღებს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სრულიად მოულოდნელად, წლების წინ მომხდარი რომელიმე ამბავი საკუთარ ახლანდელ რეალობას მოაგონებს.