„მერი პოპინსის“ სამყარო - ინტერვიუ ია კოროშინაძესთან

„მერი პოპინსის“ სამყარო - ინტერვიუ ია კოროშინაძესთან

24.12.2021
533

- პირველ რიგში, მოდით, ცოტა რამ მოგვიყევით „მერი პოპინსის“ ავტორის, პამელა ლინდონ ტრევერსის შესახებ. მას ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს.
- ნებისმიერი ხელოვანის ბიოგრაფია, მეტადრე ბავშვობა, დიდწილად აისახება  შემოქმედებაში. ამიტომ, იმ მნიშვნელოვან მონაკვეთებზე შევჩერდები, რომელმაც „მერი პოპინსის“ თავგადასავალზე  პიდაპირი თუ ირიბი გავლენა იქონია. ჰელენ ლინდონ გოფი 1899 წელს ავსტრალიაში, ქვინსლენდის პროვინციულ ქალაქ მერიბოროში, ირლანდიური ფესვების მქონე ოჯახში დაიბადა. მამა, ბანკის მმართველი, შემდგომ კი რიგითი მოხელე, ალკოჰოლდამოკიდებული გახლდათ, რაც  ავტორის ცნობით, ნაადრევად გარდაცვალების ნამდვილი მიზეზიც გამხდარა. ჰელენის ადრეული ასაკიდან ბრიტანული ფოლკლორითა და კულტურით დაიტერესება დედის დამსახურებით მომხდარა, რომლისთვისაც ანდაზები, აფორიზმები და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშები აღზრდის განუყოფელი ნაწილი ყოფილა. ავტორმა ნაწარმოებში ისინი სიტყვასიტყვით შემოინახა კიდეც. 
    მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთ უელსში გადავიდა და  ჰელენის პირველი ნაბიჯებიც მწერლობაში, სწორედ, მოზარდობის ხანას უკავშირდება. მისი ლექსები, ნოველები და პიესები ავსტრალიურ პერიოდიკაში ხშირად იბეჭდებოდა. მუსიკალურმა განათლებამ ის თეატრთანაც დააახლოვა და 17 წლის ასაკში ის სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად სიდნეიში გაემგზავრა. სწორედ მაშინ აიღო მან ფსევდონიმად პამელა ლინდონ ტრევერსს, რომელშიც ტრევერსი მამის სახელია. მიუხედავად მისი წარმატებული სამსახიობო, ჟურნალისტური და ლიტერატურული საქმიანობისა, ავსტრალიაში ცხოვრება რომანტიული ბუნების პამელასთვის ნაკლებად საინტერესო და არასრულფასოვანი აღმოჩნდა. რაკი ინგლისურენოვანი კულტურის ცენტრად ლონდონი მიაჩნდა, ათიოდე პენის ამარა, 1924 წელს საცხოვრებლად  გადავიდა კიდეც. ლიტერატურულ წრეებთან დაახლოებამ მსოფლიო მითოლოგიითა და ოკულტური მეციერებებით დაინტერესება განაპირობა, რაც მკაფიო ხაზად გასდევს მერი პოპინსის წიგნების სერიასაც. პირველი მოკლე ზღაპარი უცნაურ ძიძასა და მის აღსაზრდელებზე  ტრევერსს ბავშვების სტუმრობისას მოუფიქრებია, როდესაც პნევმონიით ნაავადმყოფარი  სასექსში, ერთ ძველებურ სახლში ისვენებდა. ზღაპარი წიგნად იქცა და  პირველი ჯადოსნური თავგადასავალი „მერი პოპინსი“ 1934 წელსვე გამოიცა. ნაწარმოები იმდენად საიტერესო და წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, 1988 წლის ჩათვლით,  მერი პოპინსის სერიით კიდევ შვიდი წიგნი გამოიცა, რამაც ავტორს უდიდესი აღიარება მოუტანა. 
- „მერი პოპინსის“ სერიას მსოფლიო ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მართალია, წიგნები ბავშვებისათვის დაიწერა, თუმცა, განსაკუთრებული შინაარსისა და სიღრმის გამო, მას ყველა ასაკის მკითხველი ჰყავს.
- „მერი პოპინსს“ ნებისმიერი ასაკისთვის საინტერესო საკითხავს დავარქმევდი, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჯადოსნური თავგადასავლებით გაჯერებული ნაწარმოები. მასში თავმოყრილი ზღვა შემეცნებითი მასალა ნებისმიერი მკითხველისთვის იქცევა აღმოჩენად. ტრევერსი საოცარი ხელოვნებით, სიღრმისეულად წარმოაჩენს გმირების ფსიქოტიპებს, მათ ურთიერთობებს, გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულებების ავ-კარგს. ჰუმანიზმი ნაწამოების უცვლელი თემაა და ფორმა, რომლითაც ავტორი მას წარმოაჩენს, გულგრილს ვერავის დატოვებს. ძიძის უჩვეულო სახე, აღზრდის მისეული მეთოდები განსაკუთრებულად საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, რადგან მომსწრე ვხდებით, როგორ ძეწავს ის თავგადასავლიდან თავგადასავალში არამხოლოდ აღსაზრდელების ხასიათს, არამედ იმ სოციუმსაც, რომელშიც არსებობს. 
- როგორ ფიქრობთ, რომელი ნაწარმოებების გავლენა იგრძნობა „მერი პოპინსში“? როგორია ეს გავლენა და რა შესძინა მან ამ წიგნებს?
- ყველაზე მკაფიო და ღრმა მაინც მითოლოგიის კვალია, რომლის გმირებიც ავტორს მათივე მითებით, ლეგენდებითა და სიტყვიერების ნიმუშებით შემოჰყავს. „თვგადასავალები თავგადასავალში“ საოცარ მთლიანობას ქმნის და ნაწარმოებს შემეცნებით სიღრმეს ჰმატებს. საბავშვო ლიტერატურიდან ჯეიმზ მეთიუ ბარის „პიტერ პენს“ აღვნიშნავდი, რომელიც 1902 წლით თარიღდება. თუმცა, ჩრდილის თემა და არსი, რომელთან მსგავსებაც იოლად შესამჩნევია, ტრევერსთან უფრო გაპიროვნებული, დატვირთული და ღრმააზროვანია. უმცროსი მოების შეძახილმა: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს!“ , შესაძლოა, „ღვთაებრივი კომედიაც“ გაგვახსენოს.  მიუხედავად საერთო „ჯადოსნური მარცვლებისა“, რომელიც საბავშვო ლიტერატურასა და ზღაპრებში უფრო უხვადაა გაბნეული, ავტორი საოცარი ხელოვნებით ქმნის სრულიად განსხვავებულ სამყაროს, რომელშიც სახალისო და სააზროვნო სივრცე თანაბარია. 
- მერი პოპინსი ისეთივე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ლიტერატურული პერსონაჟია, როგორც პეპი გრძელწინდა, პიტერ პენი ან თუნდაც ელისი. თქვენი აზრით, მის უკან კონკრეტული ადამიან(ებ)ი დგანან თუ სულაც ავტორის ალტერ-ეგოს განსხეულებაა?
- როგორც ავტორის ბიოგრაფი ვალერი ლოუსონი აღნიშნავს, მერი პოპინსის პროტოტიპი ისევ ჰელენის ბავშვობაში უნდა ვეძიოთ. ჰელენ კრისტინა მორჰედი, იგივე  „დეიდა ელი“, პამელას დედის დეიდა გახლდათ, რომლის დაჟინებული თხოვნითაც ისინი სიდნეიში გადავიდნენ და მასთან დასახლდნენ. მოგზაურობისა და წესრიგის მოყვარული დეიდა ელის პირდაპირობა, დამოუკიდებლობა და ხასიათის სხვა შტრიხები ზედმიწევნით არის წარმოჩენილი მერი პოპინსის სახეში, რომელიც  ავტორმა ჯადოსნობის უნარით კიდევ უფრო გაამდიდრა, დახვეწა და სახასიათო გახადა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ავტორის ერთ-ერთი კომენტარი:
„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ცხოვრება მის გვერდით გამეტარებინოს“. 
      ავტორი პირად ცხოვრებასა და ნაწარმოების გმირებზე იშვიათად და ზოგადად საუბრობდა. ფრაზაც „არასდროს ვხსნი რამეს!“ , რომელიც მერი პოპინსის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელია, თავად  ავტორთან მსგავსებაზეც მეტყველებს. 
- წიგნების ამ სერიას გასდევს ჯადოსნობის, იდუმალების და სასწაულების მოლოდინის განწყობა. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი საყვარელი ეპიზოდები.
ჯადოსნობით შენიღბული თავგადასავლებიდან რამდენიმე ღრმააზროვან ეპიზოდზე შევჩერდები. სიტყვა „შენიღბული“ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ერთ-ერთ თავში, „ყველა ბატს თავი გედი ჰგონია“ , ამოვიკითხავთ, თუ როგორ ასწავლის ნაწარმოების გმირებს არსებული ბედნიერებისა და ღირებულებების შემჩნევასა და დაფასებას უპოვარი მაწანწალას სახით მოვლენილი ანგელოზი. ჭეშმარიტი ღირებულებების მარადიულობის თემა საუკეთესოდ არის წარმოჩენილი ზღვის მოქცევის ამბავში, დიდი ტალღების დღესასწაულზე. ალმასის ბაკნიანი კუ -  უხუცესი არსება - ბრძენი , სამართლიანი და მომთმენი, რომელიც სამყაროს ფესვებში სახლობს, ამბობს: „ყველაფერი აქ, ჩემს მღვიმეში იღებს დასაბამს და დასასრულს ისევ მე მიბრუნდება...“ მაშ, სამყაროს ფესვის მკვებავ მღვიმეში სიბრძნე, სამართლიანობა და მოთმინება დაბუდებულა. სხვა თავგადასავალში უფლისწულებში განსხეულებულ სიყვარულს, მშვენიერებასა და ჭეშმარიტებას ამოიცნობთ. თავში „A-დან  Z-მდე“  უმთავრეს სათქმელს ავტორი ერთადერთ წინადადებაში ატევს, რითაც სიტყვის პირველყოფილობასთან ერთად ლიტერატურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
„ყველაფერს, რაც ყოფილა, არის და იქნება, ანბანი იტევს“. 
- მერი პოპინსის სამყაროში მრავალი საინტერესო პერსონაჟი და ისტორია გვხვდება.
- ნაწარმოები ნამდვილად გამოირჩევა თავგადასავლებისა და გმირების მრავალფეროვნებით. რაკი თემა აღმზრდელობითია, ამ ნაწილში მთავარი გმირისა და მის ენდრიუს სახეებზე შევჩერდები. როგორი შეიძლება იყოს შედარებითი დახასიათება „მის სრულყოფილებისა“ და „ღვთის რისხვად“ წოდებული მის ენდრიუსი, იოლად გამოსაცნობია. ორი უკიდურესობის  გავლენების  წარმოსაჩენად, ავტორი ერთ-ერთ თავში მის ენდრიუს ალუბლების ხეივნის #18 სახლში ასახლებს - ხეივნის მაცხოვრებლების ოცნების სახლში, სადაც თიოეული მათგანის აუხდენელი ოცნება ცხოვრობს. მკითხველი შემსწრე ხდება, თუ როგორ არღვევს სიმშვიდეს და ანადგურებს მშვენიერებას უარყოფითი თვისებები.  დადებითი და უარყოფითი გმირის  უძლიერესი სახეები იკვეთება, როდესაც ავტორი მერი პოპინსისა და მის ენდრიუს  გამოხედვას  ორი ძუ ლომის მზერას ადარებს. 
     მაინც სად, სად არის მერი პოპინსის სახლი? ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს მაიკლს. პასუხი მოკლეა და მარტივი: „სადაც უნდა ვიყო, ყველგან ჩემი სახლია!“ 
   ამ სიტყვებით ავტორი გვიმხელს, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც სრულყოფილება ვერ დამკვიდრდება და ამით ნაწარმოების ბედიც იწინასწარმეტყველა.  
- როგორი იყო თქვენი მოლოდინი, სანამ ამ წიგნებს წაიკითხავდით და თარგმნიდით? ალბათ, მანამდე წაკითხული გქონდათ საბჭოთა პერიოდში გამოცემული „მერი პოპინსის“ ის  ადაპტაცია, რომელიც სხვადასხვა ტომების ფრაგმენტებისგან შეკოწიწებული და მთარგმნელის მიერ გადაკეთებული იყო.
- დღემდე სხვა თარგმანი ქართველი მკითხველისთვის ხელმიუწვდომელი იყო. შინაარსობრივი უზუსტობები 8-9 წლის ასაკში აღმოვაჩინე და  უკმარისობის განცდა,  იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პირველი ნაწარმოები, რომლის თარგმნის სურვილიც გამიჩნდა, სწორედ „მერი პოპინსი“ იყო. პირველი ნაწილი 2004 წელს ვთარგმნე. წამოწყება საოცრად გულუბრყვილო აღმოჩნდა, რადგან საავტორო უფლებების შესახებ მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი, დაინტერესებული გამომცემლობა კი არ ჩანდა. „დიოგენეს“ პროექტში 2013 წელს ჩავერთე და დედანსაც მუშაობის პროცესში გავეცანი. მსოფლიო კლასიკად აღიარებული ნაწარმოები ქართულად ლამის საუკუნის დაგვიანებით გახდა ხელმისაწვდომი. ეს სერია ქართველი მკითხველისთვის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი შენაძენია. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას გამომცემლობა „დიოგენეს“, რომ თანამონაწილეობის ღირსი გამხადა და, რაღა თქმა უნდა, „პალიტრა ლ“-ს, რომლის მხარდაჭერითაც პროექტი საბოლოოდ შედგა. „მერი პოპინსი“ ჩემთვის, მართლაც, ახდენილი ზღაპარია.