ანონსი

მალე გამოვა ჩარლზ დარვინის ორი წიგნი!
მალე! პროექტ „დარვინის” და „დიოგენეს“ თანამშრომლობით გამოიცემა ჩარლზ დარვინის მთავარი ნაშრომი „სახეობების წარმოშობა“ და მისი „ავტობიოგრაფია“. პროექტ „დარვინის“ ავტორები არიან ცოტნე ჯავახიშვილი და ზაალ კიკვიძე. „სახეობების წარმოშობა“ ინგლისურიდან თარგმნეს ხათუნა ხაბულიანმა და ზაალ კიკვიძემ. „ავტობიოგრაფია“ ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ.

მალე, კიდევ ერთი ახალი წიგნი „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“!
პიტერ კერი თქვენთვის კარგად ნაცნობი ავტორია. „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ სწორედ ის რომანია, რომლისთვისაც ავსტრალიელ მწერალს 2001-ში მეორედ გადაეცა ბუკერის პრემია. წიგნის ქართული თარგმანი ზაზა ჭილაძესა და გია ჭუმბურიძეს ეკუთვნის. „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ ასევე გამოცემულია პიტერ კერის რომანი „ძარცვა“, ქეთი ქანთარიას თარგმანი.

დეკემბერში ალფრედ ადლერის ნაშრომი „ET CETERA“-ში გამოიცემა!
ალფრედ ადლერი, ფროიდთან და იუნგთან ერთად, ფსიქოთერაპიის „დიდი სამეულის“ ნაკლებად პოპულარული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი წევრია. მის მიერ დამკვიდრებულ ცნებებს ხშირად ისე ვიყენებთ, რომ ავტორზე არაფერი ვიცით. ადლერის მიერ შემოღებული ერთ-ერთი ასეთი ცნებაა „არასრულფასოვნების კომპლექსი“. თამარ ბოგვერაძის მიერ თარგმნილი ადლერის ფუნდამენტური ნაშრომი „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ დეკემბრის ბოლომდე გამოიცემა. ეს წიგნი საუკეთესო დასაწყისი იქნება დიდი ფსიქოლოგის თეორიის გასაცნობად.

მალე გამოვა მაგდა კალანდაძის სადებიუტო რომანი!
სერია „ET CETERA”-ში მაგდა კალანდაძის სადებიუტო რომანი „მეორე ოთახი“ გამოიცემა. ქვეყნის უახლესი ისტორია მოულოდნელი რაკურსით. წიგნი, რომელიც ბევრს განარისხებს.

მალე გამოვა მინდია არაბულის მოთხრობების კრებული!
სერია „ET CETERA”-ს მინდია არაბულის მოთხრობების კრებული „ყოველი ამბის დასასრული“ შეემატება. „...მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ“. ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

დეკემბერში ერიკ ვუიარის „დღის წესრიგი“ გამოვა!
მალე „ET CETERA”-ში ერიკ ვუიარის „დღის წესრიგი“ გამოვა, რომლისთვისაც ფრანგ მწერალს 2017 წელს გონკურის პრემია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ რომანი მცირე ზომისაა, ავტორი მაინც ახერხებს და XX საუკუნის ისტორიის ცნობილ ფაქტებს სრული სიმძაფრით გვანახებს. წიგნი ფრანგულიდან თამარ ლომიძემ თარგმნა.

აირის მერდოკის რომანი „ზღვა, ზღვა“ დეკემბერში გამოიცემა!
მალე „დიოგენეს ბიბლიოთეკას“ აირის მერდოკის ცნობილი რომანი „ზღვა, ზღვა“ შეემატება. წიგნი, რომლისთვისაც ირლანდიელ კლასიკოსს ბუკერის პრემია მიენიჭა, თამარ ლომიძემ თარგმნა. მასვე ეკუთვნის „დიოგენეს“ მიერ გამოცემული მერდოკის სხვა რომანის, „შავი პრინცის“ თარგმანი.

დეკემბერში გამოვა მეივის გალანტის კრებული „მეთხუთმეტე უბნიდან“!
მეივის გალანტი მეხუთე კანადელი მწერალია, რომლის წიგნსაც „დიოგენე“ პირველად გამოსცემს. მარგარეტ ეტვუდის, მაიკლ ონდააჩის, მარგარეტ ლორენსისა და ელის მანროს წიგნებს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მეივის გალანტი, ნობელიანტი ელის მანროს მსგავსად, მოთხრობის ჟანრის ოსტატია. მალე სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკას“ მე-20 საუკუნის კლასიკოსის მოთხრობების კრებული შეემატება, რომელიც ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს.

ირმა ტაველიძის რომანი „ბნელ წყლებში“ ოქტომბრის ბოლოს გამოიცემა!
სიახლე - „ბნელ წყლებში“ ირმა ტაველიძის პირველი რომანია. ირმა ტაველიძე ავტორია მოთხრობების ორი კრებულისა („ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“) და ესეების წიგნისა („სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“) .